თბილისი (GBC) – უკანონო საგადასახადო შემოწმება და მილიონობით ლარის ჯარიმებისა და საურავების დაკისრება ვირტუალური ზონის პირებისთვის, ანუ საქართველოში საგადასახადო შეღავათებით მოზიდული საერთაშორისო IT–კომპანიებისთვის გახდა მათი ინტერესების დამცველი „ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია“. ეს არაკომერციული გაერთიანება, რომელსაც 15 წელზე მეტი გამოცდილების მქონე უმაღლესი კვალიფიკაციის იურისტი შორენა კოპალეიშვილი ხელმძღვანელობს, 2022 წლის თებერვალში დაარსდა.
ასოციაცია ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე უცხოელი ინვესტორებისა და ქართული IT კომპანიების ინტერესებს იცავს და თავისი ერთწლიანი არსებობის მანძილზე სოლიდური მიღწევებიც აქვს. ასოციაციის მთავარი და ძირითადი საქმიანობაა უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორების გაერთიანება, რომლებსაც მათი შეხედულებით უკანონო საგადასახადო შემოწმება შეეხოთ. ასოციაცია ახორციელებს IT სფეროში გამჭვირვალე კანონმდებლობის ინიცირებას მედიასა და მთავრობასთან კომუნიკაციით.
ამ ხნის მანძილზე მედიაში აქტიურად შუქდებოდა ასოციაციის თავმჯდომარის პოზიცია – შორენა კოპალეიშვილმა მოუწოდა სახელმწიფოს დიალოგის დამყარებისკენ და წარსულში დარიცხული ჯარიმების გაუქმებისკენ.
საერთაშორისო ურთიერთობები

ასოციაციის მიერ გამოკვეთილ პრობლემას ევროპული ორგანიზაციებიც გამოეხმაურნენ. ასოციაცია გახდა ევროპული ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმის (EECP) წევრი. ასოციაციის თავმჯდომარე კი აქტიურად ჩაერთო საქმიან შეხვედრებში, მათ შორის ევროპის ბიზნეს ასოციაციის (EBA) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. ევროკავშირის მხარდაჭერით EBA–ს მიერ ორგანიზებულ ბიზნესფორუმებს შორენა კოპალეიშვილი აქტიურად იყენებდა უცხოელი ინვესტორებისა და ვირტუალური ზონის პირების უფლებების დარღვევის თემების წამოსაწევად, რასაც მხარს უჭერდა ევროპის ბიზნეს ასოციაცია.
ბიზნეს ომბუდსმენის მხარდაჭერა
ასოციაციისთვის უმნიშვნელოვანესი იყო საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის ოთარ დანელიას მხარდაჭერა, რადგან მის პოზიციას ყურადღება ექცევა სასამართლოში საქმის წარმოებისას. საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციამ ბიზნესომბუდსმენს აცნობა ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე კომპანიების ირგვლივ შექმნილი კრიტიკული ვითარების შესახებ და მიაწოდა მათი შეხედულებით საგადასახადო ორგანოების არაკეთილსინდისიერი გადაწყვეტილებების დამადასტურებელი მასალები. საბოლოოდ ასოციაციის თავმჯდომარის პოზიციას ბიზნეს ომბუდსმენი სრულად დაეთანხმა. ასევე, მან გამოსცა ოფიციალური პოზიცია (Amicus curiae), რომლითაც ვირტუალური ზონის ყველა კომპანიას შეუძლია სარგებლობა. ეს დოკუმენტი დაზარალებულ კომპანიებს სამართალწარმოების მათ სასარგებლოდ წარმართვის მეტ შანსებს აძლევს.
მთავრობასთან კომუნიკაცია
ასოციაციაში ამბობენ, რომ საწყის ეტაპზე ყველაზე რთული აღმოჩნდა კომუნიკაციის დამყარება სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად თავს არიდებდნენ ახსნა-განმარტებისა და კითხვებზე პასუხის გაცემას, ვირტუალური ზონის პირთა პრობლემაზე დიდი გამოხმაურების შემდეგ შორენა კოპალეიშვილმა მოახერხა შეხვედრების ორგანიზება და წერილობითი პასუხების მიღება სამთავრობო უწყებებისგან.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურთან შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: კანონის დახვეწა; მკაფიო კრიტერიუმების დაწესება და რეტროსპექტული გადასახადებისგან, ჯარიმებისა და საურავებისაგან გათავისუფლება.
შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურეს. ასოციაციამ იმის პირობაც მიიღო, რომ მათთან კონსულტაციის გარეშე არ მიიღებენ ახალ რეგულაციებს და განიხილავენ ასოციაციის წინადადებებს.
ბიზნეს ომბუდსმენის მხარდაჭერა სამთავრობო უწყებებთან კომუნიკაციის დამყარება ასოციაციის თავმჯდომარის, შორენა კოპალეიშვილის, მყისიერი რეაგირების და შემოსავლების სამსახურის უფროსისადმი გაგზავნილი მიმართვის საფუძველზე, სადაც ასოციაციამ გამოხატა კრიტიკული პოზიცია გამოცემული პირველი მეთოდური მითითების თაობაზე, სადაც ასევე მოითხოვა განმარტებები არაერთ საკითხზე, რაც ბუნდოვნად იყო წარმოდგენილი დოკუმენტში, ასოციაციამ მიაღწია პირველი მეთოდოლოგიის გაუქმებას და შესაბამისად, დაიწყო ასოციაციის წევრების გადაწყვეტილებების გადახედვა, დარიცხული გადასახადებისა და ჯარიმების გადაანგარიშება და ზოგიერთი კომპანიისთვის დაკისრებული ჯარიმების მოხსნა ან შემცირება. გარდა ამისა, შორენა კოპალეიშვილმა ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, სადაც მან ყურადღება გაამახვილა რიგ საკითხებზე, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვნად დააზარალოს ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი, უცხოური ინვესტიციები, საქართველოს რეპუტაცია.
ასოციაცია დაარსების დღიდან შესაბამის უწყებებს აქტიურად აცნობდა ბიზნესის პოზიციებს და პრაქტიკას, რამაც საბოლოო ჯამში ასახვა ჰპოვა შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემულ მესამე მეთუდურ მითითებაში. თუმცა, ასოციაციის მთავარ მიზნად კანონის დაზუსტება რჩება, რადგან მხოლოდ კანონი არის ის უმთავრესი იურიდიული აქტი, რომელსაც უნდა ეყრდნობოდეს მაკონტროლებელი ორგანო.
ვზპ ასოციაციამ საკანონმდებლო ცვლილების თაობაზე მოთხოვნა უკვე დააყენა საქართველოს პარლამენტში. თებერვალში გაიმართა შეხვედრა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარესთან დავით სონღულაშვილთან. უახლოეს პერიოდში აღნიშნულ თემაზე შეხვედრა იგეგმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან. როგორც ასოციაციაში აცხადებენ, სახელმწიფოს პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, ხოლო ასოციაციის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ მხარეები ერთობლივად იმუშავებენ ამ საკითხზე.
ასოციაციის საბოლოო მიზნები
ასოციაციის მიზნები არ იცვლება და მისი მთავარი ამოცანებია:
· მეტი კომპანიის გაერთიანება
· გასული პერიოდზე გადასახადების, ჯარიმებისა და საურავების გაუქმება
· ბიზნესის სასარგებლოდ საკანონმდებლო ცვლილებების მიღწევა
· მკაფიო IT კრიტერიუმების ჩამოყალიბება VZP სტატუსის მქონე კომპანიებისთვის
· მჭიდრო თანამშრომლობა სამთავრობო უწყებებთან და სხვა პარტნიორებთან
· ქვეყანაში ამ ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა