თბილისი (GBC) - საქართველოს საწვავის საცალო ბაზრის მიმოხილვაში თიბისი კაპიტალი წერს, რომ 2024 წელს ბენზინის იმპორტი წლიურად 7.6%-ით, 918 მილიონ ლიტრამდე გაიზარდა. აქედან 470 მილიონი ლიტრი (51%) რეგულარის, 425 მილიონი ლიტრი (46%) პრემიუმის, ხოლო 23 მილიონი ლიტრი (2%) სუპერის ტიპის საწვავზე მოდის. 

რეგულარის ტიპის საწვავის წილი ჯამურ იმპორტში კლებადია, მეტწილად პრემიუმ საწვავის ხარჯზე. ვინაიდან იზრდება ახალი ავტომობილების იმპორტი და ავტოპარკი თანამედროვე ხდება, მოთხოვნა პრემიუმის ტიპის საწვავზე იზრდება.

2024 წლისთვის ბენზინის საშუალო საიმპორტო ფასი ლიტრზე 0.60 -0.65 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობდა. საშუალო საიმპორტო ფასმა კლება 2025 წლის პირველი 9 თვეშიც განაგრძო, რაც მეტწილად მსოფლიოში ნავთობზე ფასის კლებას და საქართველოს იაფიან საწვავზე წვდომით აიხსნება.

თიბისი კაპიტალის კვლევის თანახმად, დიზელის იმპორტი, მცირე კლების შემდეგ, კვლავ იზრდება. 

დიზელის საწვავის იმპორტი 2019-2022 წლებში შედარებით სტაბილური იყო, თუმცა უკანასკნელ ორ წელიწადში საგრძნობლადაა გაზრდილი. კერძოდ, დიზელის იმპორტი 2023 წელს წლიურად 8.8%-ით, ხოლო 2024 წელს 9.4%-ით გაიზარდა და 770 მილიონ ლიტრს მიაღწია.

დიზელი ძირითადად მძიმე ტექნიკაში გამოიყენება, როგორიცაა სამშენებლო მანქანები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, სატვირთო და სადისტრიბუციო მანქანები. შესაბამისად, ამ სექტორებში გაზრდილი ეკონომიკური აქტივობა დიზელზე მოთხოვნას ზრდის.

2022 წლის პიკის შემდეგ დიზელის საშუალო საიმპორტო ფასი დაღმავალ ტრენდს მიჰყვება და 2024 წელს 0.63 აშშ დოლარს შეადგენდა.

2022 წლის პიკი მეტწილად გამოიწვია რუსეთ-უკრაინის ომის გამო გლობალურ ბაზრებზე ნედლი ნავთობის ფასების ზრდამ, რასაც დაემატა აზერბაიჯანის დიზელის მიწოდების დროებითი შემცირება ნავთობგადასამუშავებელი ქარხნების ტექნიკური განახლებების გამო.

მთავარი საიმპორტო ბაზრები

საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი შედარებით დივერსიფიცირებულია, ხოლო ქვეყნის საზღვაო გზებზე წვდომა იმპორტიორ კომპანიებს მომწოდებლების ცვლილების საშუალებას უმარტივებს.

საწვავი ძირითადად იმპორტირებულია ბულგარეთიდან, რუსეთსა და რუმინეთიდან, რომლებიც 2024 წელს საქართველოს საწვავის სრული იმპორტის 82%-ს ფარავენ, 2024 წელს რუსეთის მიერ საწვავის ექსპორტის აკრძალვის შემდეგ, მისი წილი საქართველოს საწვავის იმპორტში 2022-23 წლებთან შედარებით საგრძნობლად შემცირებულია. 

თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, დიზელის შემთხვევაში, რუსეთმა 2024 წელს საქართველოს იმპორტის 74% დაიკავა. 2022 წლიდან მოყოლებული რუსეთის წილი საქართველოს დიზელის იმპორტში უფრო და უფრო იზრდება, თუმცა მიმდინარე საწვავის ექსპორტის შეზღუდვებმა შესაძლოა საქართველოს საწვავის იმპორტის დინამიკაც შეცვალოს. 

ფასები სამომხმარებლო ბაზარზე საშუალოვადიან პერიოდში გაზრდილია

საწვავის ფასები საქართველოში დამოკიდებულია ნავთობის ფასზე გლობალურ ბაზარზე. ფასის ინდექსი საგრძნობლად დაეცა კოვიდ-19-ის შეზღუდვების პერიოდში, შემცირებული მოთხოვნის ფონზე. 

2022 წლის დასაწყისში რუსეთის უკრაინაში შეჭრამ საერთაშორისო ბაზარზე ფასები მკვეთრად გაზარდა და ეს ყველაფერი საქართველოს ბაზარზეც აისახა.

2019-2021 წლებში საქართველოში ბენზინისა და დიზელის ფასები მეტწილად თანაბრად იცვლებოდა, თუმცა, 2022 წლის თებერვლიდან ეს დინამიკა შეიცვალა. საწვავის ფასები 2022 წლის პიკის შემდეგ შედარებით მაღალ დონეზე დარჩა, განსაკუთრებით დიზელის შემთხვევაში.