თბილისი (GBC) – საქართველოს და რუმინეთს შორის საბორნე მიმოსვლა დაიწყო – კონსტანცადან ფოთის მიმართულებით. E60 Shipping Line-ის მიერ განხორციელებული პირველი რეისი 27 ივნისს დაიწყო. ბორანი ფოთის ნავსადგურში უკვე დღეს, 20:00 საათზე შემოვა, რაც იქნება პირველი წარმატებით შესრულებული საბორნე მიმოსვლა რუმინეთსა და საქართველოს შორის.
E60 SHIPPING LINE–ის მიერ გავრცელებულ პრეს–რელიზში ნათქვამია, რომ ფოთიდან კონსტანცაში აღნიშნული ბორანი 30 ივნისს გაემგზავრება და რეგულარულად იმოძრავებს.
კომპანიის პრეს–რელიზში ნათქვამია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა გადამზიდავებისთვის და ზოგადად სატრანსპორტო სექტორისთვის და არის საქართველოს ევროპასთან დასაახლოებლად გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი.
კონსტანცას ნავსადგურში საბაჟო პროცედურების გავლას და ბორნის დატვირთვას მხოლოდ 6 საათი დასჭირდა. გზა რუმინეთიდან საქართველომდე კი მხოლოდ 42 საათს დაიკავებს, რა დროის მანძილზეც მძღოლებს ექნებათ შესაძლებლობა განთავსდნენ კომფორტულ კაიუტებში და ისარგებლონ ბორტზე არსებული რესტორნით, ბარით, გასართობი სივრცით და Duty Free მაღაზიით.
190 მეტრიანი ბორანი სახელწოდებით “Vilnius”, რომელიც ქართულმა კომპანია E60 Shipping Line-მა დაფრახტა, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი საგზაო მარშრუტის - E60-ის შავ ზღვაზე გამავალ მონაკვეთს ემსახურება, რითაც ეს მარშრუტი ბოლომდე იკვრება, რაც არ მომხდარა მისი არსებობის დღიდან.
ფოთი-კონსტანცას საბორნე ხაზი, უმოკლესი გზაა კავკასიის და შუა აზიის ქვეყნების ევროპასთან დასაკავშირებლად, მას ალტერნატივა არ აქვს და დიდი მნიშვნელობის მქონეა ჩვენი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის. მის გამართულად მუშაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ტრანსკასპიური შუა დერეფნის არსებობისა და განვითარებისთვის.
E60 Shipping Line არის ქართული წარმომავლობის საერთაშორისო ჰოლდინგის წევრი კომპანია. ჰოლდინგი წლების განმავლობაში ოპერირებს მსოფლიოს მასშტაბით ისეთ ინდუსტრიებში, როგორებიცაა საერთაშორისო ამანათები და გადაზიდვები - Inex Group, საერთაშორისო ფინანსური, სატელეკომუნიკაციო და ტურისტული სერვისები. კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს www.e60shipping.com