თბილისი (GBC) - პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია დღეს, 20 სექტემბერს პარტიის ბრიფინგზე განაცხადა, რომ  მამუკა ხაზარაძესთან მოლაპარაკებების პროცესს წერტილი თვითონ დაუსვა, მიზეზად კი მეორე მხარის მიერ კომპრომისებზე არ წასვლა დაასახელა. გახარიას მტკიცებით, ეს მოლაპარაკებები უფრო ადრე, ზუსტად მაშინ უნდა დაესრულებინა, როცა მისი თქმით, "ნეიტრალურ პლატფორმაზე ვერ შეთანხმდნენ". "ამ მოლაპარაკებების პროცესის არჩევნებამდე ასე ახლოს და მოუმზადებლად, ცესკოს სიების წარდგენამდე ერთი კვირით ადრე დაწყება, შეცდომა იყო. თუმცა, ჩვენი მხრიდან პრეზიდენტის ამ შემოთავაზებაზე უარის თქმაც, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა სწორი", - განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე გიორგი გახარიამ. 

"ეს მოლაპარაკებები უფრო ადრე უნდა დამესრულებინა, მაშინვე, როგორც კი ვერ მოხერხდა ნეიტრალურ პლატფორმაზე შეთანხმება. ჩემი მხრიდან ნეიტრალური პლატფორმის საკითხის დათმობამ მეორე მხარის სიხარბე წაახალისა, რამაც პროცესი საბოლოოდ შეიყვანა ჩიხში.

გუშინ დაწყებულმა შავმა პიარმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ მიზანი გახლდათ არა სამართლიანი შეთანხმების მიღწევა, არამედ ის, თუ ვის დაჰბრალდებოდა შეთანხმების ჩაშლა. დიახ, წერტილი დავსვი მე, იმიტომ, რომ მიზანი გადამერჩინა - ჩვენი ორი გუნდის სამომავლო, შესაძლო, სამართლიანი, ეფექტური თანამშრომლობის პერსპექტივა.

წერტილი დავსვი იმიტომ, რომ მოლაპარაკების დაწყების მიზანი შევიდა ჩიხში, თავდაპირველი მიზანი დაიკარგა სიხარბეში, ვიღაცისთვის მთავარი მიზანი იყო მოლაპარაკებების ჩაშლის მეორე მხარისთვის დაბრალება, სხვებისთვის კი - ნებისმიერ ფასად ნებისმიერი ქაღალდის ხელმოწერა...

ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ უარი ვთქვით ყველაფერზე - პარტიაზე და პარტიულ ნომერზე, რამაც საპასუხო კომპრომისის ნაცვლად კიდევ უფრო მეტი მადა აღუძრა მეორე მხარეს და საბოლოოდ და სრულად ააცილა ეს მოლაპარაკებები მიზანს. ამიტომ, ჩვენ ვუბრუნდებით თავდაპირველ მიზანს და ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელ პრინციპებს, ჩვენს ვაცხადებთ მზაობას შემდეგი პრინციპებით: პირველი - ნეიტრალური პლატფორმა, მეორე - გადაწყვეტილების მიღების სამართლიანი, პარიტეტული პრინციპი, მესამე - კოალიციის დაუშვებლობის პრინციპი როგორც ქართულ ოცნებასთან, ისე ნაციონალურ მოძრაობასთან", - თქვა პარტია საქართველოს ლიდერმა გიორგი გახარიამ.

მან პრეზიდენტს და მამუკა ხაზარაძეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი თავად იყო პოზიტიური, "რამაც მომავალში თანამშრომლობის შესაძლებლობა გააძლიერა".

ამასთან, გახარიამ აღნიშნა, რომ თუ მამუკა ხაზარაძე ხსენებულ 3 პრინციპს დათანხმდება, ის მზად არის კოალიციასთან ითანამშრომლოს.

"თუ ლელო დღეს ამბობს, რომ ამ 3 პრინციპზე: ნეიტრალური პლატფორმა, პარიტეტული პრინციპი და პრინციპი რომ არ იქნება კოალიცია ამ არჩევნების შემდეგ არც ქართულ ოცნებასთან და არც ნაციონალურ მოძრაობასთან, ჩვენ ნებისმიერ დოკუმენტზე მოვაწერთ ხელს, ახლაც თუ გინდათ და ნებისმიერი ფორმის და სერიოზულობისთვის ვართ მზად", - აღნიშნა გახარიამ. 

ცნობისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო არჩევნების წინ ერთ საარჩევნო სუბიექტად გაერთიანებისკენ მოუწოდა გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძის პარტიებს.

ხაზარაძისა და გახარიას პირველი შეხვედრა 17 სექტემბერს გაიმართა. მას შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერები ერთმანეთს რამდენჯერმე შეხვდნენ.

ოთხშაბათს, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ გიორგი გახარიას მათთან „თანაბარ, სწორუფლებიან პარტნიორად“ შესვლა შესთავაზა. „ვის რა ზომა, წონა აქვს ამ კოალიციაში, ეს არ არის მთავარი“, - დააზუსტა მან. ამ დროისთვის ცნობილია, რომ „ლელოს“ საარჩევნო ნომრით და სიით არჩევნებში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ალეკო ელისაშვილის, ანა დოლიძის და ლევან ცუცქირიძის პოლიტიკური პარტიები.

გუშინწინ, 18 სექტემბერს, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „მამუკას უნდა შეეთანხმებინა თავის გუნდთან და როგორც ჩანს ჯერჯერობით ვერ მოახერხა. ვნახოთ, დაველოდებით“.

გახარიამ ასევე დააზუსტა, რომ ხაზარაძის პარტიასთან უთანხმოება არ უკავშირდება პარტიულ სიაში ადგილების განაწილებას.