თბილისი (GBC) – ევროკავშირმა 19 სექტემბერს, ვენაში, ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე გაკეთდა განცხადება, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2024 წლის 7 აგვისტოს 16 წელი გავიდა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან. მათივე თქმით, ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისადმი კვლავ მტკიცეა. საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოს უფლებები რუსეთის ზეგავლენით ძველებურად ირღვევა. 

"ევროკავშირი გმობს რუსეთის სამხედრო ყოფნას მის მიერ ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რაც არღვევს როგორც საერთაშორისო კანონს, ასევე 2008 წლის 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი შეთანხმებით რუსეთის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს. საქართველოში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების ადამიანის უფლებები კვლავ ირღვევა, მათ შორის, "ბორდერიზაციით", გადასასვლელების დაკეტვით და უკანონო დაკავებებით რუსეთის სამხედრო და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ. უნდა დასრულდეს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები, გამოძიებული იქნეს ადამიანის უფლებების დარღვევა და უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანობა ყველა მსხვერპლისთვის.

ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს სათანადო მხარდაჭერას იმ გამოწვევების გადაჭრაში, რომლის წინაშეც ის ასევე დგას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად და მისი მდგრადობის გაძლიერებას რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის გამომწვევი მოქმედებების ფონზე.

ჩვენ სრულად ვრჩებით კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ერთგული, მათ შორის, ევროკავშირის, როგორც თანათავმჯდომარის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, ჩართულობით, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზიების საკითხში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მუშაობით და ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუდმივი ყოფნით.

მოვუწოდებთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებს, კონსტრუქციულად ჩაერთონ დისკუსიებში 2008 წლის 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი შეთანხმების სრული განხორციელების მისაღწევად ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ვკითხულობთ ევროკავშირის განცხადებაში.