თბილისი (GBC) – „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები დედაქალაქის მერის კახა კალაძის მიერ საკრებულოში თბილისის 2025 წლის ბიუჯეტის წარდგენას, რაც დღეს, 24 დეკემბერს არის დაგეგმილი, არ დაესწრებიან. კოალიციაში მიაჩნიათ, რომ კახა კალაძესთან „ყალბ დისკუსიაში შესვლა იქნება ყოველდღიურად ბრძოლაში მყოფი, გულანთებული, პატრიოტი თბილისელების ღალატი“.

„დღეს, 24 დეკემბერს, თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის საკრებულოში ბიუჯეტს დასამტკიცებლად წარადგენს.

ჩვენ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები, აღნიშნულ სხდომას არ დავესწრებით. დარბაზში ისხდებიან მხოლოდ კალაძე და მისი ხელქვეითები.

კორუფციით სახელგანთქმულ თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, რომელიც ამავდროულად არის „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, შესაბამისად - არალეგიტიმური ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი სპიკერი და ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდემოკრატიული, ძალადობრივი ქმედებებისა და რეჟიმის გამამართლებელი, დაუშვებლად მიგვაჩნია მასთან ერთად საკითხების განხილვაში მონაწილეობა.

ახლა, როცა არჩევნების გაყალბება, საარჩევნო მანიპულაციები, ხმის ფარულობის დარღვევა, მოქალაქეთა დაშინება და ხელისუფლების მხრიდან სხვა უხეში ჩარევა არჩევნებში უკვე დადასტურდა ეუთო-ოდირის დასკვნითაც, მაგრამ ამ ფონზე ის კვლავ განაგრძობს მისთვის ჩვეულ რიტორიკას, გამოვრიცხავთ მასთან ნებისმიერ საკითხზე მსჯელობას და მასთან ყალბ დისკუსიაში შესვლა იქნება ყოველდღიურად ბრძოლაში მყოფი, გულანთებული, პატრიოტი თბილისელების ღალატი.

ჩვენ ვაგრძელებთ პოლიტიკურ პროტესტს და ვიდგებით ჩვენი თანამემამულეების გვერდით, ვიდრე არ გათავისუფლდებიან რეჟიმის პატიმრები და არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები.

თბილისის საკრებულოს წევრები:

ცოტნე კობერიძე

ნინო კვიტაიშვილი

ანა გოგოლაძე

გიორგი ონიანი

თორნიკე ბიკაშვილი

მამუკა გუგეშაშვილი”, - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის 2025 წლის ბიუჯეტი მიმდინარე წლისას 200 მილიონი ლარით აღემატება და 2,1 მლრდ ლარს შეადგენს.