თბილისი (GBC) - ევროპელმა ლიდერებმა ერთმანეთის მიყოლებით გაავრცელეს განცხადებები და მხარი დაუჭირეს საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარების ინიციატივას მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში თქვა, რომ საქართველოში ახალ არჩევნებს სპეციალური საბჭო მოამზადებს. პრეზიდენტის განმარტებით, "ამ საბჭოს მანდატი იქნება ერთი და მხოლოდ ერთი, ეს იქნება მომზადება ახალი არჩევნებისთვის".

ზურაბიშვილის ამ განცხადებიდან მალევე, ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა საქართველოს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ განიხილეს საქართველოში მიმდინარე ბოლო დროინდელი მოვლენები.

"გასულ პარასკევს ეუთომ გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ, რამაც განაპირობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ზარი უახლესი მოვლენების განსახილველად.

მან ინფორმაცია მომაწოდა არა მხოლოდ ოქტომბრის არჩევნებში არსებული სხვადასხვა ხარვეზის შესახებ, რომლებიც ანგარიშშია ხაზგასმული, არამედ მიმდინარე რეპრესიების, ძალადობისა და ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც საქართველოს სულ უფრო და უფრო აახლოებს რუსეთთან.

ვთავაზობ ჩემს მხარდაჭერას პრეზიდენტს ამ რთული ვითარების ნავიგაციის ძალისხმევაში, ასევე, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აგრძელებენ ბრძოლას ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის“, - წერს პეტრ პაველი X-ზე. 

საქართველოსა და ჩეხეთის პრეზიდენტებს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ კუბერნატიც X-ზე გამოეხმაურა.

დიპლომატი განმარტავს, რომ პეტრ პაველმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მეორედ შესთავაზა მხარდაჭერა ქვეყანაში არსებულ რთულ სიტუაციასთან გამკლავებაში.

"საქართველოში არსებულ ვითარებაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილს ვესაუბრე“, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა პლატფორმა X-ზე წერს.

როგორც ანჯეი დუდა აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილს მან ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა.

“კიდევ ერთხელ დავუდასტურე ქალბატონ პრეზიდენტს ჩემი ურყევი მხარდაჭერა მისი ლიდერობისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი.

მათ ერთიანი ევროპისკენ სვლის ხელშეუვალი უფლება აქვთ. ახალი არჩევნები ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისად არის გამოსავალი არსებული კრიზისიდან”, - წერს ანჯეი დუდა.

ლატვიის პრეზიდენტის ედგარს რინკევიჩსის თქმით, ის საქართველოში არსებულ სიტუაციაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა და მხარს უჭერს პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის დაწყებას „საქართველოს ევროპული გზის უზრუნველსაყოფად“.

„ტელეფონით ვესაუბრე პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. მხარს ვუჭერ წინადადებას, დაიწყოს დიალოგი პოლიტიკურ ძალებს შორის, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს ევროპული გზა და არსებული კრიზისის მოგვარება. პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოხატული მუქარა მიუღებელია“, – წერს ედგარს რინკევიჩსი პლატფორმა X-ზე.

გუშინ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეუთო-ოდირის დასკვნა დანიის მიერ გამოხატულ შეშფოთებებს ადასტურებს.

„საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნა არჩევნებამდე და არჩევნების დღეს არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით დანიის მიერ გამოხატულ შეშფოთებებს ადასტურებს, მათ შორის, ამომრჩეველთა ფართოდ გავრცელებულ დაშინებასა და ხმების ყიდვასთან დაკავშირებით“, - წერს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე. 

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი ჯიმ რიში სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს: „საქართველოს მთავრობის უწყვეტი თავდასხმები აქტივისტების, ჟურნალისტების, ოპოზიციის ლიდერებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ უნდა დასრულდეს. ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების საკითხი უნდა დადგეს“.

სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ვიდეო მიმართვაში "ქართულ ოცნებას" მიმართა და აღნიშნა, რომ საჭიროა დათმობა, აღიარება რაღაცეების, თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ რეჟიმი თავისით ჩამოიშლება. "აქ არავის ხელი არ ურევია: არც ომის პარტიის, არც ღომის პარტიის. ეს არის მხოლოდ თქვენი ბრალი, ვინც ხართ ძალაუფლებაში იმიტომ, რომ დროზე ვერ მოხვედით გონზე და ვერ დაინახეთ ამ ქვეყანას როგორ უნდა მოეპყროთ და როგორ უნდა შეინარჩუნოთ მოსახლეობის ნდობა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის აზრით, მზად უნდა ვიყოთ ახალი არჩევნებისთვის.

"მე მზად ვარ და მზად ვიქნები, რომ აქაც ჩემი როლი, როგორც პრეზიდენტის, რომელიც არ ტოვებს თავის ლეგიტიმაციას და თავის როლს როგორც ამ ქვეყნის წარმომადგენელს და სტაბილურობის ერთგვარ ვექტორს და რომელიც იქნება ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან მუდმივ კავშირში. მე ყოველდღიურად ვარ მათთან კავშირში და ისინი ძალიან კარგად ხედავენ, რომ საჭიროა ერთი ინსტიტუტი მაინც დარჩეს ქვეყანაში, რომელიც იქნება დამოუკიდებელი, შუამავალი და მედიატორი შემდეგი ეტაპების".

ზურაბიშვილმა გუშინ ასევე განმარტა, "24 დეკემბერს ალბათ იქნება მზად დოკუმენტი, რომელიც აღწერს იმ პირობებს, რომელიც არის მინიმალური იმისთვის, რათა ჩატარდეს ძალიან მალე არჩევნები და მერე იქნება მუშაობა იმისთვის, რომ ყველა კუთხით, ყველა შესაძლო მიმართულებით ვიყოთ მზად ახალი არჩევნებისთვის", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.