თბილისი (GBC) – 4 ივნისის ღამით, 02:03 საათზე, დასავლეთ საქართველოში მაგნიტუდით 5,4 მიწისძვრა მოხდა. საქართველოს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის - სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ონიდან 9 კილომეტრში, სოფელ ირში მდებარეობდა.

ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის (EMSC) ვებსაიტზე, მიწისძვრიდან რამდენიმე წუთში გამოქვეყნდა ინფორმაცია საქართველოში მომხდარ მიწისძვრაზე, სადაც აღნიშნული იყო, რომ მიწისძვრის სიმძლავრე მაგნიტუდით 4,7 იყო და ეპიცენტრი ონიდან 12 კილომეტრში მდებარეობდა. ოდნავ მოგვიანებით კი დაზუსტებული ინფორმაცია გაავრცელა სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა.

თვითმხილველები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა არა მხოლოდ რაჭაში, არამედ იმერეთის ტერიტორიასა და აღმოსავლეთ საქართველოს ნაწილშიც. ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.