თბილისი (GBC) - საქართველოში ჩატარებულ 26 ოქტომბრის არჩევნებს ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, რომელიც აცხადებს, რომ არჩევნებს დამოუკიდებელმა საერთაშორისოდ აღიარებულმა და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა არ უწოდეს თავისუფალი და სამართლიანი. ის მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა და დაიწყოს დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან. ბაიდენის ამ განცხადებას თეთრი სახლი გვერდზე ვკითხულობთ

„შეერთებული შტატები დიდი ხანია დგას ქართველი ხალხის გვერდით და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

სწორედ ამიტომ, მე ღრმად შემაშფოთა ქვეყნის ბოლოდროინდელმა დემოკრატიულმა უკუსვლამ, მათ შორის კანონმდებლობის ამოქმედებამ, რომელიც რუსულია და ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და სივრცეს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის.

სულ ახლახან, 26 ოქტომბრის არჩევნები დააზიანა ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების არაერთმა შემთხვევამ, ასევე ამომრჩევლის შევიწროებამ და დაშინებამ.

საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი შეხედულებები ამ არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომლებსაც დამოუკიდებელმა საერთაშორისოდ აღიარებულმა და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა არ უწოდეს თავისუფალი და სამართლიანი.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა, გააუქმოს ის კანონები, როგორიც არის ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი, რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და დაიწყოს დაუყოვნებლივ, ინკლუზიური დიალოგი საქართველოში ყველა პოლიტიკურ ძალასთან არჩევნების სამართლიანობის აღდგენის საკითხზე.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მკაცრად სცენ პატივი კანონის უზენაესობას და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რომლებიც რჩება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საფუძვლად”, – ნათქვამია განცხადებაში.
 
26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.

ცესკოს მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ” ხმების 53.92% მიიღო.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.

„ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებას უარყოფს. ოპოზიციურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს ცილისწამების და დეზინფორმაციის მიზანმიმართულ კამპანიაში. მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ არჩევნები შედგა.

ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიები, მათ შორის, PACE-ს, ეუთო/ოდირის, NDI-ის, IRI-ის და ENEMO-ს წარმომადგენლები წინასაარჩევნო გარემოსა და კენჭისყრის დღის შეფასების დროს საუბრობენ შემდეგ დარღვევებზე:

  • ამომრჩევლის მოსყიდვა,
  • დაშინება,
  • ზეწოლა,
  • ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.