თბილისი (GBC) - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დღეს, 30 ოქტომბერს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "ჰელსინკის კომისია იმუქრებოდა, რომ არჩევნების წინ გამოქვეყნდებოდა მმართველი პარტიის მადისკრედიტებელი ინფორმაცია, იმდენად სუფთად მუშაობს მმართველი პარტია, რომ ვერავითარი ასეთი მასალები ვერ დაიდო".

"ჰელსინკის კომისია არის მხარე, ის პირდაპირ იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში ოპოზიციის სასარგებლოდ, რაც გაუგონარი და გაუგებარი მოვლენაა", - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერის თქმით, ჰელსინკის კომისიის არცერთ განცხადებას არ აქვს მაინცდამაინც დიდი ფასი, ვინაიდან ის მხარეს წარმოადგენს. 

„თავისთავად ეს მუქარა (ჰელსინკის კომისიის მხრიდან) არის გაუგონარი და აბსოლუტურად გაუგებარი, რაც კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას", - ამბობს კობახიძე.

აშშ-ის ჰელსინკის კომისია საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე მიიჩნევს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მომდევნო დღეებში, ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკოსებმა და დამკვირვებლებმა წარმოადგინეს „ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნების შედეგები არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას”.

განცხადებაში ნათქვამია, რომ როდესაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება ხაზავენ გზას საარჩევნო პროცესისადმი, რომელიც ქართველი ხალხის ნამდვილ ნებას ასახავს, აშშ და ევროკავშირი მათ გვერდით უნდა დადგნენ.

„ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკოსებმა და დამკვირვებლებმა წარმოადგინეს ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნების შედეგები არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას.

მესამე მხარისა და ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ შეგროვებული დამოუკიდებელი მონაცემები მიუთითებს სისტემურ დარღვევებზე, როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების დღეს, რამაც გავლენა მოახდინა არჩევნების მთლიანობაზე.

საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მკაფიოდ განაცხადა, რომ არჩევნების შედეგები გაყალბებულია, ასევე, ის ხაზს უსვამს არჩევნებში ჩარევისა და საქართველოს სამთავრობო ინსტიტუტების ძირის გამოთხრის მცდელობებს რუსეთის მხრიდან.

როდესაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება ადგენენ გზას საარჩევნო პროცესისთვის, რომელიც ქართველი ხალხის ნამდვილ ნებას ასახავს, აშშ და ევროკავშირი მათ გვერდით უნდა დადგნენ და არსებითი ნაბიჯები გადადგან, რათა დაეხმარონ ქართველებს დაცვას საკუთარი დემოკრატია”, – წერია განცხადებაში.