თბილისი (GBC) - სადამკვირვებლო მისია, „ჩემი ხმა“ დღეს, 11 ოქტომბერს, ეხმაურება გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ მმართველი პარტია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ცდილობს ამომრჩევლების დაშინებასა და ზეწოლას – კერძოდ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ბოლო რამდენიმე დღეა საუბრობენ იმაზე, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს პირადობის დოკუმენტებს ნების საწინააღმდეგოდ ართმევენ.
"სადამკვირვებლო მისია - „ჩემი ხმა “ ეხმიანება რამდენიმე წყაროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მმართველი პარტიის უკანონო მცდელობების შესახებ - ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, დაშინებისა და ზეწოლის გზით დანერგოს შიში ამომრჩევლებში და ზეგავლენა მოახდინოს მათ მიერ ნების თავისუფლად გამოვლენაზე.
რამდენიმე ერთმანეთთან დაუკავშირებელი წყაროს ინფორმაციით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს და სოციალურად დაუცველ ადამიანებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს ნების საწინააღმდეგოდ ართმევენ. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ქმედებას, სავარაუდოდ, აქვს მასშტაბური ხასიათი და, არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი ადმინისტრაციული ერთეულით ან/და საჯარო სტრუქტურით. გავრცელებული ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევა მოხდა ზუგდიდში, ყვარელში, ქუთაისსა და თბილისში. ხელისუფლების მხრიდან მსგავსი მეთოდების გამოყენება შეიძლება ემსახურებოდეს როგორც ამომრჩევლებში შიშის დანერგვის მცდელობას, რომ არჩევნების დღეს მათი ხმის ფარულობა არ იქნება დაცული, ასევე, არჩევნების დღეს კენჭისყრის შედეგებზე გავლენის მოხდენას.
კონსტიტუციით გარანტირებულია პირის უფლება, თავისუფალ და თანასწორ გარემოში, არჩევანი გააკეთოს მხოლოდ საკუთარი შეხედულებით. კონსტიტუციით, ამომრჩევლის ხმის ფარულობა გარანტირებულია.
სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნების საწინააღმდეგოდ ჩამორთმევა წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის ცალსახა დარღვევას. ამასთან, სისხლის სამართლის წესით ისჯება პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა.
სადამკვირვებლო კოალიცია - „ჩემი ხმა“ მოუწოდებს მმართველ პარტიას, შეწყვიტოს ამომრჩეველთა კონსტიტუციით გარანტირებულ თავისუფალ ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა. ჩვენ ვაგრძელებთ წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვებას", - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.