თბილისი (GBC) - სებ-ის დავების კომისიამ ბანკებთან (ასევე საგადახდო მომსახურების სხვა პროვაიდერებთან) მომხმარებლების 90-მდე დავა განიხილა. 85% კლიენტის სასარგებლოდ დასრულდა და მომხმარებლებს 300 000 ლარი აუნაზღაურდა.

საჩივართა უმეტესობა პირის ანგარიშზე გადახდის ოპერაციებს უკავშირდება. 

სებ-ის ინფორმაციით, დავების კომისია დამოუკიდებელი ორგანოა და საფინანსო სექტორში სამართლიან მომსახურებას უზრუნველყოფს. ასევე ზრუნავს ციფრული გადახდების მიმართ მომხმარებლების ნდობის განმტკიცებაზე. დავების განმხილველი კომისიის შექმნას ითვალისწინებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაც.

მომხმარებელი უფლებამოსილია სებ-თან უჩივლოს მომსახურე ბანკს, მისოს თუ სხვა პროვაიდერს, როცა აღმოაჩენს დარღვევას, თუ ჩათვლის, რომ საკომისიო არასწორად ჩამოეჭრა, მომსახურების საფასური უკანონოდ დაეკისრა. თუ დაირღვა პირობები ოპერაციებისას, საგადახდო ბარათით, ინტერნეტ თუ მობაილ-ბანკით.