თბილისი (GBC) – საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წლის 3 იანვარი, 6 იანვარი, 8 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები განისაზღვრა. ამასთან, სამუშაო სპეციფიკის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სების მონეტარული და საგადახდო ოპერაციები ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება.

3 და 6 იანვარს, ასევე, 8-დან 10 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემები, ნაღდი ფულის ოპერაციები და მონეტარული ინსტრუმენტები კომერციული ბანკებისთვის სრულად ხელმისაწვდომი იქნება. შესაბამისად, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ამ პერიოდში გადახდის ოპერაციები შეუფერხებლად განახორციელონ. ასევე, ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციებიც. მათ შორის, TIBR ინდექსისა და ოფიციალური გაცვლითი კურსის გამოქვეყნება.

რაც შეეხება სების საკოლექციო პროდუქციას მათი რეალიზაცია 2025 წლის 13 იანვრიდან იქნება შესაძლებელი. ყვარლის ფულის მუზეუმი კი მუშაობას 11 იანვრიდან განაახლებს.