თბილისი (GBC) – თბილისის ზღვაზე საქართველოს საიალქნო კლუბმა პირველ საერთაშორისო რეგატას უმასპინძლა. შეჯიბრება სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა და ტურნირის გამარჯვებული ქართული გუნდი - Georgian Sailing Club გახდა, რომლის ეკიპაჟის წევრები, კახაბერ ნონიკაშვილი, თინათინ დომბროვსკაია, ალექსანდრ ბოჟკო და ალექსი ბორისოვი არიან. მეორე ადგილი Oneclick-მა დაიკავა, მესამე პოზიციაზე Pirogovo გავიდა. შეჯიბრების გამარჯვებულ გუნდს თასი და მედლები გადაეცათ, საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს კი შესაბამისი სინჯის მედლები.

შეჯიბრება საქართველოში აფროსნობის განვითარების ხელშეწყობისთვის გაიმართა.

საერთაშორისო რეგატა, სტუდიო ლიბერთის სტრატეგიული პარტნიორობით ჩატარდა და ტურნირის მიზანი, აფროსნობის პოპულარიზაცია, საერთაშორისო სპორტული ურთიერთობების გაღრმავება და თბილისის, როგორც სპორტული, ასევე ტურისტული პოტენციალის განვითარების ხელშეწყობაა.

საქართველოს საიალქნო კლუბის ხელმძღვანელებმა სტრატეგიულ პარტნიორებთან, სტუდიო ლიბერთისა და ახალი ქართული ავიაკომპანია Oneclick-ის მხარდაჭერით, შეჯიბრების მონაწილეებსა და სტუმრებს თბილისის ზღვაზე გამორჩეული ატმოსფერო შეუქმნეს და იმედი აქვთ, რომ თბილისის საიალქნო კლუბი, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და დასვენებისთვის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი გახდება.

საქართველოს საიალქნო კლუბი ყალიბდება, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და ელეგანტური დასვენების ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი. კლუბი წარმოადგენს აფროსნობის განვითარების სრულფასოვან ცენტრს, სადაც ფუნქციონირებს რამდენიმე ძირითადი მიმართულება:

ბავშვთა აფროსნობის სკოლა – ახალი თაობის ჩემპიონების აღზრდის კერა;

ზრდასრულთა კურსები – პრაქტიკული სწავლება კლუბის საკუთრებაში არსებულ თანამედროვე იახტებზე;

საერთაშორისო რეგატებში მონაწილეობა – საქართველოს ღირსეული წარმომადგენლობა მსოფლიო აფროსნობის არენაზე.