თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 4221 გემი, რომელთა 50.5% იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 23.2% — თხევადი ტვირთმზიდი, 15.6% — კონტეინერმზიდი, ხოლო დანარჩენი 10.7% ნაყარ ტვირთმზიდზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.

2025 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 53.8%-ით მეტი სპეციალიზებული გემი მიიღო, 49%-ით მეტი — გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი, 38.9%-ით ნაკლები — კონტეინერმზიდი, 31.5%-ით ნაკლები — თხევადი ტვირთმზიდი.

2025 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 17.1% პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 15.6% — თურქეთის, 10.9% — მალტის, 7.1% — ლიბერიის, დანარჩენი 49.3% კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 3 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 17%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში გასული მგზავრების წილი აღემატებოდა შემოსული მგზავრების წილს და 51.8%-ს შეადგენდა.

2025 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 4 024.1 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 5%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 52.1% გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 30.7% — თხევადი ტვირთი, ხოლო 17.2% — ნაყარი ტვირთი.