თბილისი (GBC) - სებ-ის ინფორმაციით, სავალუტო რეზერვები დეკემბერში $342.6 მლნ-ით $6.16 მლრდ-მდე გაიზარდა.
საქართველოს ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებაზე ორიენტირებული რჩება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ რეზერვების შევსებას განაგრძობს. მაგალითისთვის, მარტში 101.7 მლნ-ის, აპრილში 266.4 მლნ-ის, მაისში 245.4 მლნ-ის, ივნისში 266 მლნ-ის, ივლისში 416.9 მლნ-ის, აგვისტოში 199.6 მლნ-ის, სექტემბერში 100 მლნ-ის, ოქტომბერში167.4 მლნ-ის, ნოემბერი 308.2 მილიონი აშშ დოლარის წმინდა შესყიდვა განხორციელდა.
ჯამურად 2025 წლის იანვარ-ნოემბერში წმინდა შესყიდვებმა 2,071.5 მლნ შეადგინა. წმინდა შესყიდვების დეკემბრის სტატისტიკა კი 26 იანვარს გამოქვეყნდება.
სებში ტრადიციულად აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე - დეკემბრის მონაცემებით მიღწეული მაჩვენებელიც აღნიშნულის დასტურია.
2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.3%-ს (1,002.3 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან გაორმაგდა და $502.3 მლნ-ით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.
საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 6 თებერვალს გამოაქვეყნებს.