თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოთხშაბათს, 23 ოქტომბერს განხორციელებული სავალუტო აუქციონით $60 მლნ გაყიდა, რაც ოქტომბრის რიგით მესამე სავალუტო ინტერვენციაა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7139 შეადგინა. ამის შესახებ აღნიშნულია სების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატისტიკაში. მიმდინარე თვეში ჯამში ინტერვენციების მოცულობამ $173.4 მლნ შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

დღეს, 23 ოქტომბერს, სავალუტო აუქციონის გამართვის გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა არაფუნდამენტური ფაქტორების ჭარბი გავლენისა და სავალუტო ბაზარზე წინასაარჩევნო პერიოდისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი აჟიოტაჟის პრევენციის მიზნით მიიღო. ეს თავის მხრივ, აგვარიდებს ფასებსა და ფინანსურ სტაბილურობაზე უარყოფით გავლენას და ხელს შეუწყობს სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციას.

ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე არსებული მოჭარბებული გაურკვევლობა აძლიერებს ცალკეული მსხვილი ტრანზაქციების მხრიდან კურსზე მომდინარე ზეწოლას. ასეთ შემთხვევებში სები ხელმძღვანელობს საკუთარი მანდატით და  მონეტარული ინსტრუმენტებით, რითაც ხელს უწყობს ბაზრის მოლოდინებისა და ბაზარზე ვალუტის მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსებას. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული მოლოდინების მილევასთან ერთად, სავალუტო ბაზარი ჩვეულ დინამიკას დაუბრუნდება.
 
შეგახსენებთ, რომ მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები ქვეყანაში ჯანსაღია - ბოლო სამი წლის განმავლობაში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, 2023 წლიდან მოყოლებული ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია. წინასწარი მონაცემებით, სექტემბერში საქონლის ექსპორტი 17%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 4.2%-ით შემცირდა, ამასთანავე, საგარეო სავალუტო შემოდინებები ძლიერია, რაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მდგრად დონეზე შენარჩუნებას უწყობს ხელს.

2024 წლის 16 ოქტომბერს, სებმა სავალუტო აუქციონზე გასაყიდად $70 მლნ გამოიტანა და $64.9 მლნ გაიყიდა.

მანამდე, 8 ოქტომბერს ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად $60 მილიონიც გამოიტანა, საიდანაც $48.5 მლნ გაიყიდა.

მთლიანად კი, ეროვნულმა ბანკმა 2024 წელს მხოლოდ სავალუტო აუქციონებით ბაზარს $342.1 მლნ მიაწოდა. ბანკს მიმდინარე წელს დოლარი არ უყიდია.