თბილისი (GBC) - თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა, დღეს, 23 ოქტომბერს დაგეგმილი „ქართული ოცნების“ ღონისძიების გამო, მიუსაფარი ძაღლები თავისუფლების მოედნიდან მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანეს. აღნიშნული ერთ-ერთმა მოქალაქემ, მარიამ ცერცვაძემ შენიშნა, რომელმაც ამის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.

ცხოველთა მონიტორინგის სამსახური მიუსაფარი ძაღლების მოედნიდან გაყვანის გადაწყვეტილებას ცხოველთა უფლებების დაცვით ხსნის.

დღეს, 23 ოქტომბერს, 19 საათზე თბილისში, თავისუფლების მოედანზე, პარტია „ქართული ოცნების“ დასკვნითი წინასაარჩევნო ღონისძიება გაიმართება. ამის გამო მიმდებარე ტერიტორიაზე ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე შეიზღუდა სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება. მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა წინასაარჩევნო ღონისძიებებზე, რომლებიც რეგიონულ ცენტრებში გაიმართა, ამომრჩეველს მიმართავდნენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და გენერალური მდივანი კახა კალაძე, რომელიც ამავდროულად არის თბილისის მერიც.