თბილისი (GBC) – რუსეთის ფედერაციამ ოკუპირებულ აფხაზეთს 141 მლნ რუბლის ($1,6 მლნ) ყოველთვიური დახმარება შეუწყვიტა. ამის შესახებ ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. ფინანსთა მინისტრმა ვლადიმირ დელბამ თქვა.

მისივე თქმით, სოციალური სფეროს მუშაკების დაფინანსების შესახებ შეთანხმების რეალიზაცია იმის გამო შეწყდა, რომ აფხაზურმა მხარემ არ შეასრულა აფხაზური „კანონმდებლობის“ რუსეთის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის გეგმა. კერძოდ, აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებას 1–ელ აგვისტომდე უნდა მოეხდინა აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული იურიდიული პირებისთვის საინვესტიციო პროექტების განხორციელების ნებართვის რატიფიცირება.

დელბას თქმით, რუსეთმა მსგავს სანქციებს უკვე მიმართა ივლისში იმის გამო, რომ არ მიიღეს კანონი „მოქალაქეთა სოციალური მომსახურების შესახებ“, თუმცა, მას შემდეგ, რაც კანონი მაინც დაამტკიცეს, დაფინანსებაც აღდგა.

რაც შეეხება 1–ლი სექტემბრიდან დაფინანსების შეწყვეტას, დელბას იმედი აქვს, რომ ერთი თვის განმავლობაში ამ გადასახდელების კომპენსაციას ოკუპირებული აფხაზეთის „ბიუჯეტიდან“ შეძლებენ, თუმცა შემდეგ პერიოდში ამის გაკეთება ძალიან გაუჭირდებათ.

„დიდი იმედი მაქვს, რომ ვითარება შეიცვლება და აფხაზური მხარე მიიღებს ამ საკითხის დარეგულირებისთვის საჭირო გადაწყვეტილებებს. ამის შემდეგ კი დროულად მივიღებთ რუსულ ფინანსურ დახმარებას“, – აღნიშნა მან.

მოსკოვი სოხუმის სეპარატისტული ხელისუფლებისგან „კოზაკ–ბჟანიას პროტოკოლის“ თანახმად ითხოვს რუსეთის მოქალაქეების მიერ აფხაზეთში აპარტამენტების მშენებლობაზე ნებართვის გაცემას.

აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ 3 სექტემბერს განაცხადა, რომ „თუ სანქციები წლის ბოლომდე გაგრძელდება, ბევრი დაზარალდება“.

„ხალხს უნდა ვკითხოთ, არიან თუ არა მზად ქამრების შემოსაჭერად და ისეთი ცხოვრებისთვის, როგორც ბლოკადის დროს ვცხოვრობდით?“, – თქვა შამბამ.