თბილისი (GBC) – თანამდებობის პირები, რომლებიც აშშ–ის სანქციების ქვეშ მოექცნენ, მათ შორის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, ასევე, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლები კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე, საბანკო ანგარიშების გარეშე აღმოჩნდებიან. ისინი ვეღარ ისარგებლებენ visa და mastercard ბარათებით, შეეზღუდებათ სალარო ოპერაციებიც. ამის შესახებ ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.

საუბარია, აშშ-ის მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირების და ექსტრემისტების დასანქცირებაზე. სახაზინო დეპარტამენტის მიერ დაწესებული სანქციები ნიშნავს, რომ ამ პირებს უკვე ეზღუდებათ ფინანსურ რესურსებზე წვდომაც. როგორც ცნობილია, შტატების მიერ დაწესებულ სანქციებს უნდა დაემორჩილონ ქართული საფინანსო ინსტიტუტებიც.

ეკონომისტის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ საფინანსო სექტორმა უნდა შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც დააწესა ამერიკის ხაზინამ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ არ დაემორჩილება იმ წესებს, რომელიც გათვალისწინებულია ამერიკის ხაზინის გადაწყვეტილებით, შეექმნება პრობლემები (საფინანსო სექტორს).

„ევროოპტიმისტების“ ლიდერმა, დეპუტატმა რომან გოცირიძემ კი თქვა, რომ აშშ-ის მიერ დასანქცირებული 4 ადამიანი, რომლებიც გლობალურ „მაგნიტსკის სიაში“ მოხვდნენ, ცხოვრების ბოლომდე იქნებიან დამღა დასმულები და ყველა სახელმწიფო შეწყვეტს მათთან ურთიერთობას, როგორც ფინანსურად, ასევე პერსონალურად.

მისივე თქმით, აღნიშნული პირების დასანქცირების ფაქტი უპრეცედენტოა იმის გამოც, რომ ხელისუფლებისთვის ეს დიდი თავსატეხია.

როგორც გოცირიძე აცხადებს, საინტერესოა, როგორ მოიქცევა ეროვნული ბანკი, მიუთითებს კომერციულ ბანკებს, რომ აღსრულდეს საერთაშორისო ფინანსური სანქციები, თუ გამოსცემს ე.წ. საგამონაკლისო ბრძანებას, როგორც ეს ოთარ ფარცხალაძის შემთხვევაში მოხდა.

„სანქციები, რომელიც აშშ-მ დაუწესა საქართველოს 4 მოქალაქეს, ძალოვანი სტრუქტურის ორ მაღალჩინოსანს და რუსეთის აგენტურის ორ წარმომადგენელს, ე.წ. "ალტ-ინფოს" დამფუძნებლებს, არის თავისი შინაარსით უპრეცედენტო. ეს არის გაცილებით მძიმე სანქცია, ვიდრე ის, რომელიც დაწესებული იქნა ფარცხალაძის მიმართ. ეს სანქცია, რომელიც 4 პირს დაუწესდა, არის ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს მიერ დაწესებული სანქცია, რომელიც ითვალისწინებს ფინანსურ სანქციებს. გარდა ამისა, მას აქვს პოლიტიკური დატვირთვა, ვინაიდან ეს ადამიანები მოხვდნენ გლობალური „მაგნიტსკის სიაში“. ეს ნიშნავს, რომ ცხოვრების ბოლომდე, სამუდამოდ, ეს ხალხი იქნებიან დამღა დასმულები და მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყველა სახელმწიფო შეწყვეტს მათთან ურთიერთობას, როგორც ფინანსურად, ასევე პერსონალურად.

უპრეცედენტო არის იმიტომაც, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის ეს არის ძალიან დიდი თავსატეხი და გამოწვევა. განსაკუთრებით იმის გამო, რომ 2 მაღალჩინოსანი ხელფასს იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეს ფული მათ ერიცხებათ „თიბისი ბანკში“. „თიბისი ბანკი“ იძულებული გახდება, რომ შეწყვიტოს ყოველგვარი ურთიერთობა ამ პოლიციელებთან. სად ჩარიცხავს ხელფასს შინაგან საქმეთა სამინისტრო? „ქართუ ბანკში“? ნურას უკაცრავად, ივანიშვილი ძალიან ეშმაკია. საკუთარ ბანკს არ გაწირავს სანქციებისათვის. გადაურიცხავენ რუხაძის „ლიბერთი ბანკში“? არა მგონია, რომ რუხაძე, რომელიც "ქართული ოცნების" მარიონეტია, დათანხმდეს საკუთარი ბანკის რისკის ქვეშ დაყენებას.

როგორ მოიქცევა ეროვნული ბანკი? მიუთითებს კომერციულ ბანკებს, რომ აღსრულდეს საერთაშორისო ფინანსური სანქციები, თუ დაავალებს კომერციულ ბანკებს, რომ აღსრულდეს თავისი განკარგულება? უმძიმეს მდგომარეობაში არიან დღეს ბანკები და საფინანსო ინსტიტუტები. მარჯვნივ წახვალ მგელი შეგჭამს, მარცხნივ წახვალ და მგლისფერი ძაღლი“, - განაცხადა გოცირიძე.