თბილისი (GBC) - ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 14-15 იანვრის ღამით, ბათუმში მომხდარი თავდასხმის ფაქტს ეხმიანება. უწყების ცნობით, სამინისტრო პოლიტიკური რეპრესიების საკითხს ევროკავშირის დონეზეც წამოსწევს.
"მკაცრად ვგმობთ წუხელ ღამით ბათუმში საქართველოს ოპოზიციის ლიდერ გიორგი გახარიაზე ფიზიკურ თავდასხმას. მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას", დაუყოვნებლივ შეწყვიტონ თავდასხმა ოპოზიციასა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე. ესტონეთი ევროკავშირის დონეზე დამატებით ნაბიჯებს გადადგამს", - წერს უწყება X-ზე.
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს და ამჟამად ოპოზიციური პარტიის, „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას, 14-15 იანვრის ღამის ინციდენტის შედეგად ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.
გიორგი გახარიას თქმით, ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები.
ის წერს, რომ ბათუმში იმყოფებოდა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების მხარდასაჭერად. იგი 14 იანვარს ასევე იყო ბათუმის სასამართლოში, სადაც მხარი დაუჭირა მზია ამაღლობელს, გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
შსს-ში აცხადებენ, რომ გახარიაზე თავდასხმაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან 1 წლამდე პატიმრობით.
გიორგი გახარიაზე თავდასხმის გარდა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციით, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდა.