თბილისი (GBC) - ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი გიორგი გახარიაზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და წერს: „ღრმად შოკირებული ვარ ბათუმში გიორგი გახარიაზე განხორციელებული ბრუტალური თავდასხმით".
"მოვითხოვ, რომ დანაშაული გამოძიებული იყოს სწრაფად და დამნაშავე დაისაჯოს სათანადოდ. რეჟიმმა უნდა დაიცვას კრიტიკული ხმები და არ ემუქრებოდეს მათ. გიორგი გახარიას სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - წერს როთი.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ მის ლიდერზე, ექსპრემიერ გიორგი გახარიაზე 14 იანვრის ღამით მომხდარი თავდასხმა "ივანიშვილის რეჟიმის მიერ იყო ორკესტრირებული“.
გახარიას პარტია 15 იანვარს X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში თავდასხმას უწოდებს „კოორდინირებულ, ჯგუფურ, სასტიკ თავდასხმას, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის მიერ იყო ორკესტრირებული“.
პარტია ითხოვს „დაუყოვნებლივ და სიღრმისეულ გამოძიებას ამ ორკესტრირებულ ძალადობრივ თავდასხმას ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან და ითხოვს ყველა დამნაშავის სრულ პასუხისგებას“.
„ეს პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა არის უხეში მცდელობა, დააშინონ ოპოზიცია და ჩაახშონ პროტესტი. ასეთი ქმედებები ვერასოდეს გააჩუმებს იმ ხმებს, რომლებიც საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის იბრძვიან“, - აცხადებს პარტია „საქართველოსთვის“.
Statement by the “For Georgia” Party on Ivanishvili's Regime's Violent Group Attack Against ex PM Giorgi Gakharia #GeorgiaProtest #TerrorinGeorgia@SenMarcoRubio @mikercarpenter @JakeSullivan46 @michaelgwaltz @SenatorRisch @RepMikeTurner @SenatorShaheen @SecBlinken @usingeo… pic.twitter.com/oJgB1UDoni
— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) January 15, 2025
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს და ამჟამად ოპოზიციური პარტიის, „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას, 14 იანვრის ღამის ინციდენტის შედეგად ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.
გიორგი გახარიას თქმით, ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები.
ის წერს, რომ ბათუმში იმყოფებოდა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების მხარდასაჭერად. იგი 14 იანვარს ასევე იყო ბათუმის სასამართლოში, სადაც მხარი დაუჭირა მზია ამაღლობელს, გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
შსს-ში აცხადებენ, რომ გახარიაზე თავდასხმაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან 1 წლამდე პატიმრობით.