თბილისი (GBC) - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ქარტიის საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეზე, ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე ჯგუფურ თავდასხმას და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინციდენტის დაუყოვნებლივ გამოძიებისა და დამნაშავეთა მთელი სიმკაცრით დასჯისკენ მოუწოდებს.

ქორიძის თქმით, სასტუმრო „შერატონის“ ლობიში, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე და მასთან მყოფი სხვა პირები თავს დაესხნენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ.

„15 იანვარს ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ მომხდარი ინციდენტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მავნებლური პოლიტიკის პირდაპირი შედეგია. ის წლების განმავლობაში აწარმოებდა კამპანიას დამოუკიდებელი და კრიტიკული ჟურნალისტების მიმართ სიძულვილის გასაღვივებლად და ახალისებდა სისასტიკესა და ძალადობას. 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ ქვეყანაში კრიტიკული ხმების ჩასახშობად და მედიის გასანადგურებლად რეპრესიების მომდევნო ეტაპზე გადავიდა – მის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად მხოლოდ ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში პროფესიულ საქმიანობაში 100-მდე ჟურნალისტს შეეშალა ხელი. ბევრმა მათგანმა მიიღო ფიზიკური დაზიანება, მათ შორის მძიმე. დღემდე არ არის გამოვლენილი და დასჯილი არცერთი დამნაშავე. ბოლო კვირაში ამ ყოველივეს დაემატა გამოცემების „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაპატიმრება შეთითხნილი ბრალდებით და მის მიმართ მკაცრი სასჯელის – მრავალწლიანი საპატიმრო აღმკვეთი ღონისძიების – მოთხოვნა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ შეწყვიტოს ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების დევნა და შევიწროება, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს სთხოვს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული, ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების დანაშაულებრივი ქმედებები და კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯოს ისინი“, – აცხადებს ქარტია.

ზვიად ქორიძე ბათუმში იმყოფებოდა გამოცემების, „ნეტგაზეთის” და „ბათუმელების” დამფუძნებლის და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაპატიმრების გამო. ზვიად ქორიძეს თვალის მახლობლად აქვს დაზიანება, რომლის გამოც კლინიკაში იმყოფებოდა.

14 იანვარს, „ქართული ოცნების” წარმომადგენლები ბათუმის სასტუმრო „შერატონში” ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას. მას ექიმის ინფორმაციით, ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.