თბილისი (GBC) - საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი X-ზე წერს, "პოლიტიკური რეპრესიები და ძალადობა იმატებს, ეს საქართველოს ევროკავშირისგან სულ უფრო მეტად აშორებს. ეს ასე არ უნდა იყოს".

„სამწუხარო დღე საქართველოში. ბოლო კვირებში ყველა შობის დღესასწაულზე სიყვარულისა და მშვიდობის, ახალ წელს ბედნიერების და სახელმწიფო დროშის დღეს ერთიანობის შესახებ საუბრობდა“, - წერს პიტერ ფიშერი.

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს და ამჟამად ოპოზიციური პარტიის, „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას, 14 იანვრის ღამის ინციდენტის შედეგად ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

გიორგი გახარიას თქმით, ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები.

ის წერს, რომ ბათუმში იმყოფებოდა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების მხარდასაჭერად. იგი 14 იანვარს ასევე იყო ბათუმის სასამართლოში, სადაც მხარი დაუჭირა მზია ამაღლობელს, გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შსს-ში აცხადებენ, რომ გახარიაზე თავდასხმაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან 1 წლამდე პატიმრობით.

გიორგი გახარიაზე თავდასხმის გარდა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციით, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდა.