თბილისი (GBC) - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართა და თქვა, "ერთ მხარეს არის რეჟიმი, მეორე მხარეს საზოგადოება - ბატონო ივანიშვილო, საზოგადოება ყოველთვის იმარჯვებს". ზურაბიშვილის აზრით, სწორედ ივანიშვილს აქვს მცდელობა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს.
„მინდა ვუთხრა ბატონ ივანიშვილს, რომ ის მცდელობა, რომელიც აშკარად არის, პროვოცირება რაღაც კიდევ უფრო მძაფრი დაპირისპირების, რომ ეს გადაიზარდოს, ან ყოველ შემთხვევაში ამით დაგვაშინოს, რომ ეს გადაიზრდება სამოქალაქო დაპირისპირებაში, არის წარმოუდგენელი. იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ, არ არსებობს ორი მხარე საქართველოში. არსებობს საზოგადოება და არსებობს ისინი, ვინც არიან ძალადობის მატარებლები, იქნებიან ესენი დეპუტატები თუ ის კერძო ადამიანები, რომლებიც თავის თავს ნებას აძლევენ, სოციალურ ქსელში გააჟღერონ ძალადობის გზავნილები. ესენიც არიან მონაწილე იმ ძალადობრივი რეჟიმის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს მე-5 პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში ამბობს იმასაც, რომ ქვეყანა გადავიდა ახალ ეტაპზე რუსული რეჟიმისა, რომელიც ყველა იმ საშუალებას იყენებს, რაც „ახასიათებდა და ახასიათებს რუსულ, პუტინის რეჟიმს“.
„მივმართავ, უპირველესად, ჩვენს საზოგადოებას, რომელიც დღეს ალბათ, ძალიან აღელვებულია იმის გამო, რაც ქვეყანაში ხდება. ფაქტია, რომ ახალი წლის შემდეგ დაწყებულია რეპრესიების, დაჭერების, დაშინების ახალი ტალღა, რასაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ გააჩეროს პროტესტი, რომელიც არ გაჩერდება.
გადავედით რუსული რეჟიმის ახალ ეტაპზე, რომელიც აშკარად ყველა იმ საშუალებას იყენებს, რაც ახასიათებდა და ახასიათებს რუსულ, პუტინის რეჟიმს. ამის ერთ-ერთი მაგალითია ის, რაც მოხდა აბუ-დაბიში მოქალაქის მიმართ დეპუტატების მხრიდან, რომელთაც სხვა თუ არაფერი, მოთმინების ვალდებულება უნდა ჰქონდეთ, მაგრამ აქ არსად ჩანს მოთმინება, პირიქით - როგორც ჩანს დეპუტატები (არ ვიცი ინსტრუქცია აქვთ მიღებული თუ მათი ნებით ხდება) გამოყენებულები არიან ძალადობაში, რაც სრულიად გაუგებარია ჩვეულებრივი ქვეყნისთვის და მხოლოდ ავტორიტარულ, დიქტატორულ, ტოტალიტარულ რეჟიმებს ახასიათებს.
ასევე, ის, რაც ამ ღამეს მოხდა ერთ-ერთი პოლიტიკოსის, გიორგი გახარიას მიმართ ასევე სრულიად წარმოუდგენელია. არ მინდა გამოვარჩიო პოლიტიკოსები და სხვები - ყველა მოქალაქეს ეხება - არავის მიმართ არ შეიძლება ძალადობა, მცდელობა, რომ დააშინო მოქალაქეები. ეს არის მიუღებელი, ამის შესახებ საერთაშორისო თანადგომაც იქნება, რადგან არ შეიძლება, რომ ეს დავუშვათ. ისე დაემთხვა, რომ დღეს საზოგადოების დიდი ნაწილის გაფიცვაა. სწორედ ეს გაფიცვა უნდა იყოს იმის მაჩვენებელი, რომ საზოგადოება არ დაშინდება, საზოგადოება შემართებითაა - იცის, რა უნდა და იცის, რა არ უნდა. არ დათანხმება საქართველო იმას, რომ ქვეყანა გადაიქცეს რუსულ რეჟიმად ბოლომდე. ამისთვის საქართველო იბრძვის და იბრძვის მშვიდობიანად“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს და ამჟამად ოპოზიციური პარტიის, „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას, 14 იანვრის ღამის ინციდენტის შედეგად ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.
გიორგი გახარიას თქმით, ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები.
ის წერს, რომ ბათუმში იმყოფებოდა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების მხარდასაჭერად. იგი 14 იანვარს ასევე იყო ბათუმის სასამართლოში, სადაც მხარი დაუჭირა მზია ამაღლობელს, გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
შსს-ში აცხადებენ, რომ გახარიაზე თავდასხმაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან 1 წლამდე პატიმრობით.
გიორგი გახარიაზე თავდასხმის გარდა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციით, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდა.