თბილისი (GBC) - საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გმობს პოლიტიკოს გიორგი გახარიასა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძეზე თავდასხმას. ომბუდსმენი საგამოძიებო უწყებისგან მყისიერ რეაგირებას მოითხოვს.

„საქართველოს სახალხო დამცველი გმობს გიორგი გახარიაზე და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტებს და მოუწოდებს საგამოძიებო სამსახურებს, მოახდინონ პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და სწრაფად და სრულფასოვნად ჩაატარონ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის, მოპოვებულ იქნეს ვიდეო ჩანაწერები, გამოიკითხონ მოწმეები და სხვა.

სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნულ ფაქტებზე მყისიერ რეაგირებას, რათა პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმა არ გახდეს წახალისებული“, - ვკითხულობთ სახალხო დამცველის განცხადებაში.

14 იანვრის ღამით ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ თავს დაესხნენ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმაში „ქართული ოცნების“ პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მონაწილეობდნენ.

ექიმის თქმით, გახარიას ჰქონდა ცხვირის ძვლის მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა.