თბილისი (GBC) - საქართველოში გერმანიის საელჩო ოთხშაბათს სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს და წერს, რომ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად აგრძელებენ სასამართლო პროცესების დაკვირვებას და მიაჩნიათ, რომ აუცილებლად უნდა იყოს დაცული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები.

საელჩო აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით შეშფოთებულები არიან „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმის გამო.

„ამჟამად დემონსტრანტების წინააღმდეგ რამდენიმე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ზოგიერთ მათგანს ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრება. ამასთან სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ჩადენილი დარღვევების სერიოზული მოკვლევა ჯერ არ ჩატარებულა.

განსაკუთრებით შეშფოთებულები ვართ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმის გამო, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად წინასწარი პატიმრობიდან არ ათავისუფლებენ.

გერმანიის საელჩო ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად აგრძელებს სასამართლო პროცესების დაკვირვებას და თვლის, რომ აუცილებლად უნდა იყოს დაცული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები, განსაკუთრებით კი კანონის წინაშე თანასწორობის, პროპორციულობის, სამართლებრივი უსაფრთხოებისა და თავისუფლების დაცვის პრინციპები.

ასე მაგალითად, სასამართლო პრაქტიკაში სერიოზულად უნდა იქნას მიღებული საკანონმდებლო დებულებები წინასწარი პატიმრობიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ. როგორც ჩანს, უნდა მოხდეს იმ ადამიანების დაშინება, რომლებიც თავიანთი ძირითადი უფლებებით სარგებლობენ. შესაძლო სისხლისსამართლებრივი დანაშაულებისას არ უნდა იქნას გამოყენებული განსხვავებული სტანდარტები დემონსტრანტებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიმართ”, – წერს გერმანიის საელჩო.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 32-ე დღეა შიმშილობს. ის 4 თებერვალს კლინიკა „ვივამედში" კვლევებისთვის გადაიყვანეს.

7 თებერვალს ამაღლობელი „ვივამედში“ მოინახულა ექიმთა კონსილიუმმა, რომელიც სახალხო დამცველმა შექმნა. ექიმების საერთო პოზიციაა, რომ რადგან მზია ამაღლობელი შიმშილობას აგრძელებს, ის კლინიკაში უნდა დარჩეს. ამაღლობელმა ექიმებს უთხრა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება უნდა.

10 თებერვალს „ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ ჟურნალისტს გააცნეს 30-დღიანი შიმშილობისას შესაძლო გართულებების შესახებ ინფორმაცია, რაც მზია ამაღლობელმა გაითვალისწინა და ის მონიტორინგის მიზნით, კლინიკაში რჩება.

მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გარტყმის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.