თბილისი (GBC) – რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის კახა გოგოლაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ მოლდოვის დსთ-ს წევრობის საკითხის პროვოკაციული წარმოჩენა და „ევროინტეგრაციის პროცესში მოლდოვასთან შედარებით საქართველოს დაჩაგვრა“ ისეთივე კონსპირაციული თეორიაა, როგორც გლობალური ომის პარტიის მხრიდან ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა.

კახა გოგოლაშვილი Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ ვრცელ მიმოხილვაში აღნიშნავს, რომ ამის მიზეზებზე შეიძლება მხოლოდ ვარაუდი გამოითქვას და მისი მოსაზრებით, ამგვარად მმართველი პარტია „ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს ჩამორჩენას, მოლდოვის მიმართ განსაკუთრებული ფავორიტიზმის არსებობით ცდილობს და არა, თავად საქართველოს მთავრობის მიერ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებაზე ღიად უარის თქმით“.

„ქართული ოცნების წარმომადგენლები მანტრასავით იმეორებენ: "მოლდოვა დსთ-ს წევრია და მასთან ევროკავშირი გაწევრიანების მოლაპარაკებებს იწყებს, საქართველო კი, რომელიც დსთ-დან დიდი ხნის წინ გავიდა, იჩაგრება". მინდა, ერთხელ და სამუდამოდ დავუსვა წერტილი ასეთ სპეკულაციებს, რადგან ეს ისეთივე კატეგორიის კონსპირაციული თეორიაა, როგორც გლობალური ომის პარტიის მხრიდან ჩვენ ქვეყანაზე ზეწოლა და, ახლა უკვე, ეს "დიფ სტეიტის" ინტრიგები.

მოლდოვას დსთ-ში წევრობა გარკვეულ დრომდე არ ეწინააღმდეგებოდა მის ევროპულ მისწრაფებებს, რადგან მისი წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებები არ მოდიოდა კონფლიქტში ევროკავშირთან დადებული ასოცირების შესახებ შეთანხმების დებულებებთან. დსთ-ს წევრობა არ მოიაზრებდა:

  1. კონფლიქტურ ღირებულებით ვალდებულებებს;
  2. არც მის ფარგლებში დადებული სავაჭრო ხელშეკრულებების შეუთავსებლობას ევროკავშირთან 2014 გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმთან ( დსთ-ს ფარგლებში დადებული მარტივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირის DCFTA-ს არ ეწინააღმდეგება); სხვათა შორის, საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ დსთ-დან გამოვიდა 2008 წელს, არ გაუწყვეტია დსთ-ს ფარგლებში დადებული თავისუფალი ვაჭრობის ორმხრივი შეთანხმებები, მათ შორის, არც რუსეთთან.
  3. არც სამხედრო-უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირისთვის მიუღებელ რაიმე ვალდებულებებს (რადგან რუსული ორბიტის ქვეშ მყოფ ქვეყნებში ამ სფეროს არეგულირებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, რომლის წევრიც მოლდოვა არასდროს ყოფილა);
  4. არც პოლიტიკური ხასიათის ვალდებულებებს, რომელიც შეუთავსებელი იქნებოდა ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებთან;
  5. დსთ-ს წევრობა არ შეიცავდა ისეთ ვალდებულებებს, რომლებიც შეაფერხებდა ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების პროცესს, რაც პრიორიტეტულია ასოცირების პროცესისთვის და მით უმეტეს, გაწევრიანებისთვის;
  6. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირში გაგებით ეკიდებოდნენ მოლდოვისთვის დსთ-ს ქვეყნებთან კარგი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნების საჭიროებას და ამიტომ, არ მოითხოვდნენ დსთ-ს დატოვებას მასთან დაახლოების სანაცვლოდ.

2022 წლის დასაწყისიდან, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში მოლდოვამ ეფექტურად შეაჩერა მონაწილეობა დსთ-ს შეხვედრებში. ივნისში მოლდოვამ მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რამაც ევროკავშირთან პოლიტიკურად და ინსტიტუციურად მეტად დაახლოების პერსპექტივა გააჩინა, ამიტომ იმავე წლის ნოემბერში მოლდოვის მთავრობამ ღიად განაცხადა, რომ აღარ მიიღებდა დსთ-ს მუშაობაში მონაწილეობას და დაიწყებდა დსთ-ს ფარგლებში დადებული მრავალმხრივი შეთანხმებებიდან თანდათანობით გასვლას. ეს პროცესი მიმდინარეობს და ამ მომენტისთვის მოლდოვამ უკვე 70 დარგობრივი თანამშრომლობის შეთანხმება დატოვა. 2024 წლის ბოლომდე მოლდოვა აპირებს დსთ-ს სრულად დატოვებას.

როგორც ვხედავთ, დსთ-ს წევრობა აქამდე არ უქმნიდა რაიმე შეფერხებას ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესს და ახლა კი, როდესაც უკვე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაიწყო, მოლდოვა, ნებისმიერი სახის უხერხულობის გამორიცხვის მიზნით, გადის დსთ-დან.

რატომ ცდილობს „ქართული ოცნების“ ლიდერშიპი ამ საკითხის სრულად უსამართლოდ და პროვოკაციულად წარმოჩენას შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ. ეს ხდება იმისთვის, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს ჩამორჩენა გაამართლონ მოლდოვის მიმართ განსაკუთრებული ფავორიტიზმის არსებობით და არა, თავად საქართველოს მთავრობის მიერ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებაზე ღიად უარის თქმით“, - წერს კახა გოგოლაშვილი სოციალურ ქსელში.