თბილისი (GBC) - „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს ინფორმაციას საიდანაც ვიგებთ, რომ ვროპარლამენტი 13 თებერვალს საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს.

„მთავარი საკითხია, თუ როგორ მოიხსენიებს ევროპარლამენტი ყაველაშვილს, თუმცა საქართველო 24 თებერვალს გასამართ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის პირველად დღის წესრიგში არ არის“, - წერს იოზვიაკი X-ზე.

„საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის“ შესახებ ევროპარლამენტში დებატები 21 იანვარს გაიმართა.

ზოგიერთმა ევროპარლამენტარმა ისესხა სტრიქონები თავისი წინა გამოსვლებიდან. ზოგიერთმაც - ირიბად აღნიშნა, რომ ის რაც ხდება საქართველოში, უნდა დარჩეს მხოლოდ საქართველოში. ზოგიერთმა კი თქვა, რომ ის რაც ხდება საქართველოში, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. ეს არის საშიში კავკასიისთვის, საშიში შავი ზღვის რეგიონისთვის და ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის. 

ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ (საფრანგეთი) ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ 21 იანვარს გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ "საქართველო ბრიუსელის კოლონია არ გახდება". მართალია, მას არ უხსენებია ქართული ოცნება, მაგრამ თქვა, რომ სუვერენული ხალხის დემოკრატიულ გადაწყვეტილებაზე ევროპამ "გავლენა არ უნდა მოახდინოს". მიზეზად კი ის დაასახელა, რომ საქართველოში "ძალაუფლება ხალხს აქვს" და სწორედ მათი არჩევანი იყო არჩევნების შედეგები.

ევროპარლამენტარმა რიჰარდს კოლსიმ (ლატვია) თქვა, რომ თუ ევროპა არაფერს არ მოიმოქმედებს, გამოვა, რომ "ქართველ ხალხს მივატოვებთ იმ მთავრობასთან, რომელსაც დემოკრატიის ეშინია".