თბილისი (GBC) - ყველანაირი სასტარტო საფუძველი გვაქვს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მედალი მოვიგოთ და მეტი ჩემპიონი გვყავდეს ამ ოლიმპიადაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 26 ივლისს ოლიმპიადის გახსნამდე ჟურნალისტებს ლევილში განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიადაზე წარმატებები უსურვა.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ოლიმპიადა იქნება სარეკორდო ჩვენთვის, მოპოვებული მედლების თვალსაზრისით. გვყავს არაჩვეულებრივი გუნდი, რომ გადახედოთ შემადგენლობას, საუკეთესო შემადგენლობაა ჩვენიო სპორტსმენების, რომლებიც ჩამოვიდნენ პარიზში ოლიმპიადაზე. აქედან გამომდინარე, ყველანაირი სასტარტო საფუძველი გვაქვს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მედალი მოვიგოთ, რაც შეიძლება მეტი ჩემპიონი გვყავდეს ამ ოლიმპიადაზე. ყველა ჩვენს სპორტსმენს ვუსურვებ გამარჯვებას", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე პარიზში სპორტის სამიტს და ოლიმპიადის მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებას გუშინ, 25 ივლისს დაესწრო, რომელიც საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) ორგანიზებით გამართული ღონისძიება AFD-ის გენერალური დირექტორის, რემი რიუს სიტყვით გაიხსნა. სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

ღონისძიებამ 500-მდე მონაწილეს უმასპინძლა, რომელთა შორის, სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურებთან ერთად, იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები.