თბილისი (GBC) - კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, მმართველი პარტიის მიერ მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შედეგებზე წერს: „ეს არა მარტო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გამომრიცხავი ნაბიჯი, არამედ საერთაშორისო სისტემიდან ქვეყნის ამოვარდნის და თვითიზოლირების გზაა“. კახა გოგოლაშვილი გამოქვეყნებულ წერილში საუბრობს, რომ ამ მოცემულობით შეუძლებელია გაწევრიანდე ნატოსა და ევროპის კავშირში.
„ვინც ისმენს და თითზე იხვევს გამუდმებულ განცხადებებს ქვეყნის სუვერენული ნების, შიდა გადაწყვეტილებებში ჩარევის მიუღებლობის შესახებ, მათთვის ვწერ, ძალიან მოკლედ.
მგონი ბევრმა არ იცის, რომ ჩვენი ვალდებულებები ევროპის საბჭოში, გაეროში, ეუთოში, ევროკავშირთან აღებული ასოცირების შეთანხმებით, WTO-ში და კიდევ მრავალი საერთაშორისო შეთანხმებებით გათვალისწინებული აქცევს ქვეყანას იმ ჩარჩოებში, რომლითაც ჩვენ ვპოზიციონირებთ, როგორც დემოკრატიული, მშვიდობისმოყვარე და თამაშის საერთაშორისო წესების გამზიარებელი და დამცველი სახელმწიფო.
თუ შენ არ უერთდები და არ იცავ საერთაშორისოდ აღიარებულ წესებს (რასაც 30 წელი მოვანდომეთ) და ვალდებულებებს, შენი ქვეყნის მიმართ ნდობა მცირდება და შესაბამისად, თანამშრომლობაც ბევრად სუსტია. არ გაგიკვირდეთ, თუ ამ პირობებში საერთაშორისო დახმარება პირველ რიგში შემცირდება. ასევე გაიწვევენ სხვა და სხვა სახის ხელშემწყობი მოპყრობის უპირატესობებსაც მოქალაქეთა, ვაჭრობის, კაპიტალების თუ მომსახურების გადაადგილების სფეროში. ეს, საბოლოო ჯამში, ქვეყნის კეთილდღეობაზე და მის უსაფრთხოებაზე აისახება. ასევე შეუძლებელი ხდება, რომ გაწევრიანდე ნატოსა და ევროკავშირში, თუ მის წევრებთან საერთო ღირებულებებს და ნორმებს არ იზიარებ. ვისაც ეს გაეგება, კარგად იცის, რა შედეგებს მოიტანს ქვეყნისთვის ვენეციის კომისიის გამანადგურებელი დასკვნის უგულებელყოფა და მის საწინააღმდეგოდ მიღებული კანონი, რომელშიც დასაბუთებულია უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო და ევროპული კონვენციების (რომლის ხელმომწერებიც ვართ) რღვევის საფრთხეები. ეს არის არა მარტო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გამომრიცხავი ნაბიჯი, არამედ მთლიანად საერთაშორისო სისტემიდან ქვეყნის ამოვარდნის და თვითიზოლირების გზა.
გარე კონტროლის არ არსებობის და ან მიუღებლობის პირობებში შიდა დემოკრატია ვერ გადარჩება, რადგან, როგორც ვხედავთ, მოსახლეობის საკმარისი საზოგადოებრივი მოთხოვნა შიდა დემოკრატიაზე ქვეყანაში ჯერ არ არის ჩამოყალიბებული. ეს ქვეყნის ელექტორალური დემოკრატიის მდგომარეობიდან ელექტორალური ავტოკტარიის და, თუ არჩევნებიც გაყალბდა, კონსოლიდირებული ავტოკრატიის, მარტივად რომ ვთქვათ, დიქტატურის მდგომარეობამდე ჩამოქვეითებას გამოიწვევს.
ასეთ წყობაში, კი ადამიანის შესაძლებლობები, რომ გავლენა იქონიოს მმართველი ელიტის გადაწყვეტილებებზე პრაქტიკულად განულებულია, ხდება რესურსების და შემოსავლების სრული გადანაწილება და კონცენტრაცია მმართველთა კასტის ხელში, რომელიც სპობს სამოქალაქო საზოგადოებას, რათა შეამციროს კრიტიკული აზრის გავლენა მასებზე და თავის თავად ასევე რჩება ყოველგვარი გარე, საერთაშორისო სისტემის მონიტორინგისგან თავისუფალი, ხელებ გახსნილი საკუთარი უფლებაჩამორთმეული ხალხის პირისპირ. მის ხელში რჩება ბრმად ლოიალური ძალოვანი სტრუქტურები, ყოველგვარი დემოკრატიული კონტროლის გარეშე პირობებში. სამართალი სელექციური და მიკერძოებული ხდება, საზოგადოება კი სეგრეგირებული პრივილეგირებულ და ჩაგრულ მოქალაქეებად. საბოლოო ჯამში, ქვეყნის საერთო დეგრადირებაც და დასუსტებაც გარდაუვალია. დეგრადირება განსაკუთრებით სწრაფად ხდება ისეთ ქვეყნებში, რომელთაც მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსები არ გააჩნიათ, სწორედ ასეთებში, როგორებიც ჩვენ ვართ.
ქართველ საჯარო მოხელეებს, განსაკუთრებით დიპლომატებს ეს კარგად ესმით, მაგრამ სამწუხაროდ, ჩუმად არიან, ჯერჯერობით. ჰგონიათ, რომ სირაქლემას პოზაში ყოფნა რთულ მომენტს გადაატარებს, მაგრამ როცა თავს ამოყოფენ სილიდან, ირგვლივ სულ სხვა რეალობა დახვდებათ. და ეს რეალობა მათი მონაწილეობის გარეშე ჩამოყალიბდება“, - წერს კახა გოგოლაშვილი.