თბილისი (GBC) - პრემიერი კობახიძე რიტორიკას არ ცვლის. მან დღეს, 4 დეკემბერს გამართული პრეს–კონფერენცია „ნაცმაიდანზე" საუბრით დაიწყო. მისი თქმით, "ყველაფერი არის კონტროლის ქვეშ, „ნაცმაიდანი" ჩავარდა და ქვეყნის ინტერესები იქნება თავიდან ბოლომდე დაცული". კობახიძემ "ნაცმაიდანი" სავარაუდოდ რუსთაველზე შეკრებილ დემონსტრანტების მისამართით თქვა. პრემიერ-მინისტრი დღევანდელ გამოსვლებში შეეხო აშშ-საც და იმედი დაიტოვა, რომ "20 იანვრიდან (ტრამპის ინაუგურაცია. რედ.) ქალბატონი ელჩი და მთლიანად აშშ-ის საელჩო გათავისუფლდება გავლენებისგან".

კობახიძის 15 ძირითადი გზავნილი დღევანდელი პრეს–კონფერენციიდან:

  1. 2022 წლის ივნისში ევროკავშირის გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა ხელი ჰკრეს ქართველ ხალხს და უარი უთხრეს კანდიდატის სტატუსზე, ევროკავშირმა გვითხრა უარი და ისევ ჩვენ გამოგვაცხადეს არაპროევროპულად, ეს არის პარადოქსი.
  2. აშშ-ის საელჩოს ქარდები იდება მიმდინარე სისტემური უხეში ძალადობის ფონზე და ეს ქარდებიც აღქმული იქნება, როგორც მწვანე შუქი ძალადობაზე, რაც შემაშფოთებელია. იმედი მაქვს, 20 იანვრიდან ქალბატონი ელჩი და მთლიანად აშშ-ის საელჩო გათავისუფლდება იმ გავლენებისგან, რაც არასწორი მიმართულებით წარმართავს საელჩოს საქმიანობას.
  3. აბსოლუტურად კომიკური სახე მიიღო აშშ-ის საელჩოს კონკრეტულმა ქმედებებმა, ისინი დებენ ე.წ. ქარდებს საელჩოს გვერდზე, ამის გამო ხუმრობით რობინ დანიგანს რობინ ქარდიგანი დაარქვეს.
  4. იყო შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვანი ბავშვები, სკოლის მოსწავლეები ძალადობაში ჰყავდათ ჩართული, ეს არის ჩვეულებრივი ლიბერალური ფაშიზმი. ლიბერალური ფაშიზმი არის ყველგან შესული, მათ შორის, გამაოგნებელია, მაგრამ იმ ორგანიზაციებშიც, რომლებიც უნდა იყვნენ დაკავებულნი ქვეყანაში ბავშვთა უფლებების დაცვით.
  5. ლიბერალური ფაშიზმი, რასაც ვხედავთ ჩვენ საზოგადოების მცირე, მაგრამ აგრესიულ ნაწილში, არის გენერირებული უცხოური დაფინანსების საფუძველზე, ქვეყანას სჭირდება გამჭვირვალობა, სიმშვიდე და სტაბილური განვითარება.
  6. სკოლების პოლიტიზება არის ყოვლად ამორალური ქმედება, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ლიბერალური ფაშიზმის სახეს.
  7. ოპოზიცია გადასულია ოცნებებზე რადიკალურ სცენარებთან დაკავშირებით, თუმცა სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ასეთი გეგმები არ განხორციელდეს. არის პირდაპირი მხარდამჭერი განცხადებები იმ ძალადობის მიმართ, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ამ დღეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე. ყველას მინდა შევახსენო, რომ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერავინ, მათ შორის ვერც ოფისებში შემალული პოლიტიკოსები.
  8. ყველაფერი არის კონტროლის ქვეშ, „ნაცმაიდანი" ჩავარდა და ქვეყნის ინტერესები იქნება თავიდან ბოლომდე დაცული.
  9. მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური ოპოზიციის, ასევე მდიდარი ენჯეოების ლიდერები, იმალებიან ოფისებში, ისინი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას მძიმე, უხეში ძალადობის გამო, რომელსაც ვხედავთ რუსთაველის გამზირზე.
  10. ეუთო/ოდირი არის მთავარი ინსტიტუცია, რომელიც აფასებს არჩევნებს და საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი ოფიციალური დასკვნა არის არჩევნებთან დაკავშირებით, არჩევნების არალეგიტიმურობის თაობაზე ნული მტკიცებულებაა.
  11. უხეში, სისტემური ძალადობა თბილისის ქუჩებში, ჯერჯერობით არ დაუგმიათ საერთაშორისო სუბიექტებს - არდაგმობა კონკრეტული ადამიანების მხრიდან განიხილება, როგორც მწვანე შუქი ძალადობაზე, რაც ძალიან სამწუხაროა.
  12. დებატების დროს თუ დაგვარწმუნებენ, მზად ვართ, ჩვენს პოზიციას გადავხედოთ, მაგრამ თუ დაინახავენ, რომ ჩვენს მხარეს არის სიმართლე, კეთილი ინებონ და თავადაც აღიარონ, თუ ეყოფათ რესურსი.
  13. არცერთი ობიექტური შემფასებლისთვის არავითარი კითხვები არჩევნებთან დაკავშირებით არ არსებობს, გარკვეული ძალები მაინც ახერხებენ სპეკულირებას ამ თემით, რაც დიდხანს ვერ გაგრძელდება.
  14. სალომე ზურაბიშვილი სკამს ვერ ელევა, ეს არის მთავარი მიზეზი მისი მძიმე ემოციური მდგომარეობისა, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო უალტერნატივო გადაწყვეტილება, რამაც გამოიწვია რადიკალური ოპოზიციის იმედგაცრუება.
  15. დადონ დღესვე მოლაპარაკებები მაგიდაზე, აქვე ვაწერთ ხელს, ვფიქრობ, მხოლოდ ბრძოლაშია წარმატების გასაღები, ვიბრძოლებთ, ვაჩვენებთ ღირსებას და ბევრად უფრო ჩქარა ვივლით წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით.
  16. ლარის კურსიც და ეკონომიკაც დასტაბილურდება, წლის ბოლოსთვის გვექნება სულ მცირე 9,5%-იანი ეკონომიკური ზრდა, დღეს სახელმწიფო არის უფრო ძლიერი, დარწმუნებული ვართ, რადიკალიზმი შემცირდება და ეს დაეტყობა ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო გაუმჯობესებას.