თბილისი (GBC) - NATO-ს პრესსპიკერი ელისონ ჰარტი რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით X-ზე წერს: "მაშინ, როდესაც ქართველები რუსეთთან 2008 წლის ომის წლისთავს იხსენებენ, ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში".

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.

რუსეთს ოკუპირებული აქვს დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. ამ ორი რეგიონის ოკუპაციიდან ორ თვეში რუსეთმა ისინი დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარა. რუსეთის შეიარაღებული ძალები დღემდე აკონტროლებენ საქართველოს ამ ორ რეგიონს, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 20%–ს შეადგენს.

2008 წლის 12 აგვისტოს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ და რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა მოსკოვში მოაწერეს ხელი საქართველოში საბრძოლო მოქმედებების დასრულების 6-პუნქტიან შეთანხმებას. ამ დოკუმენტის პირობებს რუსეთი დღემდე არღვევს და უარს ამბობს ომამდელ პოზიციებზე დააბრუნოს საკუთარი სამხედროები.

„ქართული ოცნების" ხელისუფლება ომის დაწყების დღედ 2008 წლის 8 აგვისტოს მიიჩნევს. ის ომის დაწყებაში „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებას ადანაშაულებს და არა - რუსეთს.