თბილისი (GBC) – საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ TRT WORLD-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი მთავრობა მზად არის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის აღსადგენად. მისივე თქმით, ხელისუფლების ინტერესებშია ვაშინგტონთან ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყება და მოთმინებით ელოდებიან თეთრი სახლის პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით.
„გარკვეულწილად შეშფოთებულები ვართ იმით, რომ სანქციები არ არის მოხსნილი და აშშ-ის მხრიდან, ერთგვარი დუმილია საქართველოსთან დაკავშირებით. მაგრამ მაინც ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. ჩვენი შეთავაზება მაგიდაზეა. ჩვენი შეთავაზება სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაა და მომავალშიც მოთმინებით დაველოდებით მათ პასუხს“, - თქვა კობახიძემ TRT WORLD-თან ინტერვიუში.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს აქვს ძალიან მკაფიო განცხადებები შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის შესახებ.
„ჩვენ ვამბობთ, პირადად მე რამდენჯერმე აღვნიშნე, რომ მზად ვართ, აღვადგინოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან ახალი ფურცლიდან, ძალიან მკაფიო და კონკრეტული გეგმით. წინა ადმინისტრაცია უკიდურესად აგრესიული იყო ქართველი ხალხისა და შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიმართ. ბაიდენის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, შეჩერებულიყო სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან პრეზიდენტ ტრამპის არჩევის შემდეგ. ინაუგურაციამდე ცოტა ხნით ადრე. კიდევ ერთხელ, ჩვენს ინტერესებშია შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და ჩვენ მოთმინებით ველოდებით მათ პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად შეშფოთებულები ვართ იმით, რომ სანქციები არ არის მოხსნილი და რომ აშშ-ის მხრიდან, ზოგადად, ერთგვარი დუმილია საქართველოსთან დაკავშირებით. გარკვეულწილად შეშფოთებულები ვართ, მაგრამ მაინც ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. ჩვენი შეთავაზება მაგიდაზეა. ჩვენი შეთავაზება სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაა და მომავალშიც მოთმინებით დაველოდებით მათ პასუხს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა 2028 წლამდე წყვეტს ევროკავშირთან თანამშრომლობას, რასაც მასობრივი საპროტესტო ტალღა მოჰყვა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. პროტესტი დღემდე უწყვეტად მიმდინარეობს.
კობახიძის მთავრობა აშშ–ის მიმართაც მკვეთრი კრიტიკით გამოირჩევა და აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამაც ვერ შეძლო დიპ სტეიტის დამარცხება, რომელიც, მათი თქმით, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგაც იბრძვის.