თბილისი (GBC) - ირაკლი კობახიძემ ორშაბათს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ იქმნება საუნივერსიტეტო რეფორმაზე მომუშავე სამთავრობო კომისია, რომელმაც უნდა იმუშაოს, რომ 4 წლის პერსპექტივაში თვისებრივად გარდაიქმნას საუნივერსიტეტო სისტემა.

„გვაქვს მნიშვნელოვანი, ამბიციური ამოცანა საუნივერსიტეტო რეფორმის მიმართულებით. ვქმნით სამთავრობო კომისიას, რომელიც იმუშავებს საუნივერსიტეტო რეფორმაზე. 4-წლიან პერსპექტივაში ჩვენ თვისებრივად უნდა გარდავქმნათ საუნივერსიტეტო სისტემა, უმაღლესი განათლების სისტემა ჩვენს ქვეყანაში.

დღეს, როგორც მოგეხსენებათ, არ არის დამაკმაყოფილებელი უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში და რესურსები არის ძალიან დიდი ამ მიმართულებით. მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ყველა რესურსი იმისთვის, რომ 4 წელიწადში მივიღოთ თვისებრივად განახლებული სისტემა.

თავისუფლადაა შესაძლებელი, ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს იმ ხარისხის განათლება, რა ხარისხითაც ის იღებს მაგალითად ევროპულ ქვეყნებში. ამისთვის უნდა დაისახოს კონკრეტული გაწერილი გეგმა და ამაზე იმუშავებს სამთავრობო კომისია. სამთავრობო კომისიას უხელმძღვანელებენ – მოადგილე იქნება ბატონი ალექსანდრე წულაძე და კომისიის მდივანი იქნება ბატონი ლევან იზორია, რომელიც გახლავთ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლების და მეცნიერების საკითხებში. არც ერთი დღე არ უნდა ჩავაგდოთ, 4 წლის თავზე სრულად უნდა მივაღწიოთ დასახულ მიზანს“, – თქვა მან. 

ირაკლი კობახიძე 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ საუბრობდა, რომ განათლების რეფორმა „ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნებოდა.

ის ამბობდა, რომ „პოლიტიკის შეტანა უნივერსიტეტში კატეგორიულად მიუღებელია“ და რომ „განათლების სისტემა გარე დავალებით წინა ხელისუფლებამ საკუთარ თავზე მოირგო“.

კობახიძე ირწმუნებოდა, რომ „თსუ–ში პროფესორების უდიდესი ნაწილი პოლიტიკური ნიშნითაა შერჩეული და არ აქვთ კვალიფიკაცია“.