თბილისი (GBC) – რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს 1–ლი სექტემბრიდან სოციალური დახმარება შეუწყვიტა, რომლითაც მანამდე მასწავლებლებს, ექიმებს და ე.წ. ძალოვან უწყებებს აფინანსებდა. გარდა ამისა, შემოდგომა–ზამთრის ენერგოდეფიციტურ პერიოდში ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობა რუსეთიდან დენს კომერციულ ფასად მიიღებს. 

ამის შესახებ ჟურნალისტებს აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ უთხრა.

„პირველი სექტემბრიდან რამდენიმე მიმართულებით შეწყდა დაფინანსება. ეს შეეხება ექიმებს, მასწავლებლებს, ძალოვან უწყებებს და სხვას. გარდა ამისა, დაისვა საკითხი, რომ ელექტროენერგიას ზამთარში, როდესაც ტრადიციულად დეფიციტის წინაშე ვართ, კომერციულ ფასად მივიღებთ“, – თქვა შამბამ.

მისივე თქმით, შესაბამისი დოკუმენტი 2 სექტემბერს მიიღო ე.წ. „პრემიერ–მინისტრმა“ ალექსანდრე ანქვაბმა.