თბილისი (GBC) - საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი საკონსტიტუციო სასამართლოს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონთან დაკავშირებით დღეს, 29 აგვისტოს, მეგობრის სტატუსით მიმართავს. 40-გვერდიან დოკუმენტში ("საქართველოს სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის მოსაზრება") აღნიშნულია, რომ კანონით დადგენილი მოთხოვნები დემოკრატიულ საზოგადოებაში არასაჭიროა. ამ კანონის მოქმედება კი სახელმწიფო ორგანოებს თვითნებურად მოქმედების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების სტიგმატიზების შესაძლებლობას აძლევს.
დოკუმენტში არაერთგზის არის მოყვანილი ციტატები ვენეციის კომისიის მიერ 21 მაისს გამოქვეყნებული დასკვნიდან, რომლითაც კომისიამ საქართველოს კანონის დაუყოვნებლივ უკან გაწვევისკენ მოუწოდა.
დოკუმენტის "საქართველოს სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის მოსაზრების" დასკვნით ნაწილში საუბარია:
"მიგვაჩნია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირებებით ორგანიზაციების გარკვეული ჯგუფის გამოყოფა და მათთვის ახალი სტატუსის მინიჭება, იწვევს უცხოური დაფინანსების გამო ორგანიზაციების სტიგმატიზებას და მათი საქმიანობის ხელშეშლას. არ წარმოადგენს დეკლარირებული მიზნის მიღწევის აუცილებელ საშუალებას, აჩენს კანონით დადგენილი რეგულირებების ფართოდ ინტერპრეტირების შესაძლებლობას და არ აკმაყოფილებს „კანონის განსაზღვრულობის“ მოთხოვნებს. ამასთანავე, არსებული მონიტორინგის მექანიზმი, მათ შორის, პერსონალურ მონაცემებზე ხელმისაწვდომობის ნაწილში, სახელმწიფოს მხრიდან თვითნებობის მაღალ რისკს ქმნის. ანგარიშგების დამატებითი მოთხოვნების დაწესებით კი, მნიშვნელოვანი და გადაჭარბებული ორგანიზაციული ტვირთი იქნება ორგანიზაციებისთვის და მათი პერსონალისთვის, რაც მნიშვნელოვნად შეაფერხებს მათ შესაძლებლობას ეფექტურად განახორციელონ ძირითადი საქმიანობა. შესაბამისად, კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები არ არის აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში და პროპორციული დეკლარირებული ლეგიტიმური მიზნებისა", - ნათქვამია გავრცელებულ დოკუმენტში.
ცნობისთვის, დღეს, 29 აგვისტოს 11:00 საათზე დაიწყო საკონსტიტუციო სასამართლომ ე.წ რუსული კანონის შეჩერებასთან და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა.
სარჩელებში მითითებულია, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და მოთხოვნილია მისი გაუქმება.
29-31 აგვისტოს სხდომებზე მოსამართლეები ორ საკითხზე იმსჯელებენ:
- ცნონ თუ არა სარჩელი დასაშვებად;
- არსებითი განხილვის გარეშე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეაჩერონ თუ არა ნორმების მოქმედება, რომელიც 2 სექტემბრიდან ამოქმედდება.
საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს პრეზიდენტის, 121 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის, ოპოზიციონერი დეპუტატების და მედიების: „მთის ამბებისა” და „სტუდია მონიტორის“ სარჩელებს.
ზემოაღნიშნული ყველა სარჩელი სასამართლოში გაერთიანდა და მათი განხილვაც ერთ საქმედ მოხდება.
- პრეზიდენტის სარჩელს სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე და ეკა ბესელია წარმოადგენენ.
- არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების სარჩელზე მომხსენებლები საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ქეთევან ერემაძე და IDFI-ს იურისტი გიორგი დავითური იქნებიან.
- ოპოზიციის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში დეპუტატები თამარ კორძაია და ანა ნაცვლიშვილი წარმოადგენენ.
- საკონსტიტუციო სასამართლოში „მთის ამბებისა“ და „სტუდია მონიტორის“ სარჩელს „მთის ამბების“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წარადგენს.
- რაც შეეხება საქართველოს პარლამენტს, საკონსტიტუციო სასამართლოში საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები დეპუტატები ანრი ოხანაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და არჩილ გორდულაძე იქნებიან.