თბილისი (GBC) – საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოში მიმდინარე შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ პრინციპი ერთი, რომ სახელმწიფო ეკლესიის გარეშე არანაირ ჩანაწერს არ შეიტანს. პრინციპი მეორე, ამას არ ექნება სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ფორმა. პრინციპი მესამე, იქნება საკონსტიტუციო ჩანაწერი, რომელიც ეკლესიის როლს გაამყარებს და გაზრდის. საპატრიარქოში მღვდელმთავრების შეხვედრა მმართველი პარტიის მხრიდან მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ინიციატივასთან დაკავშირებით გაიმართა.
„რადგან, საკონსტიტუციო ჩანაწერზეა საუბარი, საბოლოო ფორმის დაჩქარებულად მიღება, არის ძალიან რთული. პრინციპი ერთი, რომ სახელმწიფო ეკლესიის გარეშე არანაირ ჩანაწერს არ შეიტანს. პრინციპი მეორე, ამას არ ექნება სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ფორმა. პრინციპი მესამე, იქნება საკონსტიტუციო ჩანაწერი, რომელიც ეკლესიის როლს გაამყარებს და გაზრდის“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.
ჯაღმაიძის თქმით, შეთანხმებას არ ექნება მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ფორმულირება და საბოლოო ფორმულირების ფორმა მოგვიანებით გახდება ცნობილი.
მისივე თქმით, სახელმწიფოს მხრიდან კიდევ ერთხელ გაცხადდა, რომ ეკლესიის თანხმობის გარეშე, არანაირი ჩანაწერი არ გაკეთდება.
„გეტყვით ძირითად პუნქტებს, რაც არის მნიშვნელოვანი ამ საკითხში. პირველი არის ის, რომ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ფორმულირება არ ექნება ამ შეთანხმებას. სახელმწიფოს მხრიდან შემოთავაზება არის თავაზიანობის აქტი, რომელიც გულისხმობს საკონსტიტუციო ჩანაწერით ეკლესიის სტატუსის გაძლიერებას, ამაზე მღვდელმთავრების უმრავლესობა თანხმდება, რომ ეს მისაღებია. დანარჩენი ფორმულირება საბოლოო სახით როგორი იქნება, ეს ცოტა მოგვიანებით გვეცოდინება.
მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით გაგრძელდება, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებაზეა საუბარი. სწრაფად ამის მიღება საბოლოო სახით გაჭირდება, რადგანაც მეტ მსჯელობას და დროს მოითხოვს“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.
„[მართლმადიდებლობის] სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემოთავაზება იყო, თუმცა თავის შინაარსით ეს გულისხმობდა, ეკლესიის როლის გაზრდას და საკონსტიტუციო ჩანაწერით ამით გამყარებას. ამ შინაარსზე ჩვენ ვთანხმდებით, ოღონდ რა ფორმულირებით იქნება ამაზე ისევ მსჯელობა მიმდინარეობს. ეს არ იქნება სახელმწიფო რელიგიის გამოცდების ფორმა. სახელმწიფოს მხრიდან კიდევ ერთხელ გაცხადდა, რომ არანაირი ჩანაწერი არ გაკეთდება ეკლესიის თანხმობის გარეშე. ასე, რომ ეკლესიის თავისუფლებას არ დაემუქრება საფრთხე“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტებს საპატრიარქოში მიმდინარე შეხვედრის შესახებ „ხაზგასმით“ უთხრა, რომ პატრიარქის სურვილი ითქვა, აღინიშნა მოსაყდრის მიერ, რომ მისი უწმინდესობის სურვილია, ეს საკითხი ასე დაჩქარებულად არ იქნეს განხილული - პატრიარქის პოზიციას იზიარებენ მღვდელმთავრები.
მანამდე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ გააკეთა კომენტარი მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხზე: „მე ვერ დაგიდასტურებთ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას გეგმავს თუ არა „ქართული ოცნება“ - ეს საკმაოდ სენსიტიური საკითხია. ბუნებრივია, რომ ნებისმიერ ცვლილება, რომელიც კონკორდატის მიღმა მოხდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერი და დოკუმენტია ქართულ კონსტიტუციაში, ამის მიღმა თუ რაიმე დაიცავს საქართველოში წმინდა სამოციქულო ეკლესიასა და მის მრევლს, ბუნებრივია, მოხდება უკიდურესად მჭიდრო კონსულტაციებით წმინდა სინოდთან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან და ყველა იმ სასულიერო პირთან, ვისაც შეუძლია ამის ირგვლივ გაუწიოს კონსულტაცია ამ თემაზე მომუშავე ჯგუფს. სახელმწიფო რელიგია ყოველთვის სეკულარული სახელმწიფოდან თეოკრატიაზე გადასვლას არ ნიშნავს. მაგრამ ბუნებრივია, ყველა ასეთი საკითხი, რომელიც საქართველოს 90%-ს შეეხება, იმ უდიდეს მრევლს, რომელიც ქართულ სამოციქულო ეკლესიას გააჩნია, ბუნებრივია, საფრთხილო და ძალიან მგრძნობიარეა. სწორედ ამიტომ განაცხადა როგორც ბიძინა ივანიშვილმა, ისე ქვეყნის პრემიერმა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მიდის ძალიან დიდი მსჯელობა, ფიქრი. რაც შეეხება კონსულტაციებს - ვინ არის და ვინ არ არის, ამის შესახებ თქვენ გაიგებთ, მაშინ როდესაც საჭირო გახდება რაიმე ტიპის გადაწყვეტილების გამოცხადება“.