თბილისი (GBC) - საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების ბათილობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის და 30 პარლამენტარის სარჩელი არსებით განხილვაში არ მიიღო. გადაწყვეტილება დღეს გამოქვეყნდა.

პრეზიდენტის სარჩელის სადავო ნორმები ხმის მიცემის ფარულობისა და არჩევნების საყოველთაობის, თანასწორობის [ემიგრანტების შემთხვევაში] პრინციპების დარღვევას უკავშირდებოდა და ეყრდნობა როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-3 [დემოკრატია], 24-ე [საარჩევნო უფლება] და 37-ე [პარლამენტის არჩევნები] მუხლებს, ასევე საერთაშორისო კონვენციებსა და პრაქტიკას.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენმა სარჩელით 19 ნოემბერს მიმართა. იდენტური სარჩელი მოამზადეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმაც და საკონსტიტუციოს მიმართეს. სასამართლომ ორივე სარჩელი გაერთიანებულად განიხილა.

მომჩივნები საარჩევნო აქტების, მათ შორის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას მოითხოვდნენ, რაც დაკმაყოფილების შემთხვევაში ხელახალი არჩევნების ტოლფასი იქნებოდა.

თუმცა, საკონსტიტუციომ სარჩელი განხილვაში არ მიიღო.

განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

განაჩენთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი პლენუმის 9 წევრიდან მხოლოდ ორმა მოსამართლემ - გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა გამოთქვეს.