თბილისი (GBC) - დედაქალაქის მერმა, "ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თბილისი მთავრობის სხდომაზე დღეს, 4 დეკემბერს განაცხადა, რომ "ამ დღეებში ადგილი ჰქონდა საჯარო მოხელეების საბოტაჟის გზით სახელმწიფო უწყებების ჩამოშლის მცდელობას - საბოტაჟის მცდელობა, მერწმუნეთ, პასუხგაუცემელი არ დარჩება, რა თქმა უნდა, კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში". 

კალაძე მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს, რომლებმაც პეტიციას ხელი არ მოაწერეს, მადლობას უხდის.

„ჩვენ ვიხილეთ ერთი ხელით დაწერილი პეტიციები, რაც გავრცელდა. მერიის, თუ არ ვცდები, 229 თანამშრომელი აწერდა ხელს. ჩვენ მუნიციპალიტეტში 32 ათასამდე თანამშრომელი გვყავს. მინდა, ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვინც ღირსებით, პროფესიონალურად, პატიოსნებით ემსახურება ჩვენს ქვეყანას, ემსახურება ამ ქალაქს და ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს“,- განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის თანამშრომლების საპროტესტო განცხადებაზე კახა კალაძემ კომენტარი 1 დეკემბერსაც გააკეთა და თქვა, რომ მერიაში გამოცხადდა რეორგანიზაცია, „ამიტომ, კარგია, თვითლუსტრაციაა“.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ თბილისის მერიაში დაანონსებული რეორგანიზაცია შესაძლოა გამოყენებულ იქნეს, როგორც ინსტრუმენტი იმ საჯარო მოსამსახურეების წინააღმდეგ, რომლებმაც გამოხატეს პოზიცია და გაემიჯნნენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეჩერდეს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებები.

მათ მიუთითეს, რომ ნებისმიერი საჯარო მოსამსახურის ძალისხმევა, მათ შორის, მის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც ემსახურება კონსტიტუციის 78-ე მუხლის აღსრულებას, არ უნდა გახდეს მისი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ან პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის საფუძველი.

ორგანიზაციებმა ასევე ხაზი, რომ „პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია“.

იურისტები გასცემენ რეკომენდაციას, არ დაემორჩილონ ხელმძღვანელი პირების იძულებას, თავად დაწერონ განცხადებები სამსახურიდან წასვლის თაობაზე. ასევე, რეკომენდაციაა მუქარის დოკუმენტირება, სახალხო დამცველისთვის და იურისტებისთის მიმართვა.