თბილისი (GBC) - რუსეთის დუმის დეპუტატის კონსტანტინ ზატულინის განცხადებით: „ამ მატარებელმა დიდი ხნის წინ ჩაიარა. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს არ დაუბრუნდება”.

"რუსეთი არ მოახდენს გავლენას რესპუბლიკების გადაწყვეტილებაზე, არ დაატანს მათ ძალას, როგორც ამას ზოგიერთი იმედოვნებდა. ჩვენ სრულიად განსხვავებული მორალი და დამოკიდებულება გვაქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებასთან დაკავშირებით. რაიმე დროებითი სარგებლისთვის ამ გადაწყვეტილების შეცვლის გეგმა არ არსებობს და არ იქნება”, – აცხადებს ის.

მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, გორში სიტყვით გამოსვლისას ჩამოთვალა 4 მიზეზი, თუ რისთვის სჭირდება მმართველ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

პირველ და ერთ-ერთ მიზეზად მან დაასახელა „ნაციონალური მოძრაობის“ და „მისი სატელიტი მემკვიდრე პარტიების“ არაკონსტიტუციურად გამოცხადდება. მან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს მაშინდელი ხელისუფლების მიერ ქვეყნის ღალატი უწოდა და „ნაციონალური რეჟიმის“ მემკვიდრეობად გამოაცხადა „ისტორიული რეგიონების ოკუპაცია, საკუთარ სამშობლოში დევნილად ქცეული ათობით ათასი ადამიანი და ასობით ქართველის შეწირული სიცოცხლე”.

“ეს ადამიანები უმკაცრესად უნდა გასამართლდნენ ყველა იმ უმძიმესი დანაშაულისთვის, რომელიც მათ ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩაიდინეს, განსაკუთრებით კი 2008 წელს ჩადენილი უმძიმესი ღალატისთვის”, - თქვა ბიძინა ივანიშვილმა.

"ქართული ოცნების" დამფუძნებლის განმარტებით: "26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები".

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გორში გამოსვლას უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. მათ შორის იყო აღნიშნული გამოსვლით შეძრწუნებული და უკმაყოფილო ქართველი საზოგადოება და აღტყინებული ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება. 

ცნობისთვის, 2008 წლის 7 აგვისტოს, გამთენიისას, რუსეთის რეგულარულ სამხედრო ძალებს, რომლებსაც არ ჰქონდათ მშვიდობისმყოფელთა სტატუსი, საქართველოს ტერიტორიაზე უკვე დაწყებული ჰქონდათ სამხედრო იერიში.

2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.

2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 დღემდე ისევ საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა.