თბილისი (GBC) - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს წინასაარჩევნო ვიზიტით საარჩევნო კამპანიისა და პოლიტიკური კლიმატის შესაფასებლად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ექვსკაციანი დელეგაცია ეწვევა. დელეგაცია საქართველოში 23-24 სექტემბერს იულიან ბულაის (რუმინეთი, ALDE) ხელმძღვანელობით ჩამოვა.

თბილისში დელეგაცია შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს. ასევე შეხვედრებია დაგეგმილი კომუნიკაციების კომისიისა და ანტიკორუფციული ბიუროს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

დელეგაციის სრული შემადგენლობა 26 ოქტომბერს, სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად, საქართველოში არჩევნებს დააკვირდება.

ვიზიტის დასასრულს დელეგაცია განცხადებას გააკეთებს.