თბილისი (GBC) - საქართველოს მთავრობამ ორშაბათს გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც ის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო „ღრმა შეშფოთებას“ გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს ირანის ისლამურ რესპუბლიკას უმაღლესი ლიდერის, ალი ხამენეის და სხვა პოლიტიკური ფიგურების დაღუპვის გამო. 

პოლიტიკური აქცენტები იმ ფონზე, როდესაც დასავლური სამყაროს ნაწილი ირანის რეჟიმის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო კამპანიას მხარს უჭერს, საქართველოს მთავრობის პოზიცია გამორჩეულად სოლიდარულია თეირანის მიმართ. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ირანში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა „ყველაზე მეტი ადამიანის, მათ შორის უმაღლესი ლიდერისა და სხვა პოლიტიკური ლიდერების“ სიცოცხლე შეიწირა.

მთავრობა ცდილობს დაიცვას დიპლომატიური ბალანსი და პარალელურად სამძიმარს უცხადებს „მეგობარ ებრაელ ხალხს“ მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო. თბილისი ასევე სრულ სოლიდარობას უცხადებს ყურის არაბულ ქვეყნებს, რომლებთანაც საქართველოს „გამორჩეული პარტნიორობა“ აკავშირებს, თუმცა ირანის ხელმძღვანელობის მიმართ გამოხატული სამძიმარი განცხადების ცენტრალურ ნაწილად რჩება.

საქართველოს ხელისუფლება მოუწოდებს მხარეებს, რომ საომარი მოქმედებები „დიპლომატიამ და პოლიტიკურმა დიალოგმა“ ჩაანაცვლოს. თუმცა, რეგიონში შექმნილი ეგზისტენციალური კრიზისის პირობებში, თბილისის ეს მოწოდება უფრო მეტად ნეიტრალიტეტის შენარჩუნების მცდელობას ჰგავს, ვიდრე ქმედით გეოპოლიტიკურ ნაბიჯს.

ამავდროულად, მთავრობა აცხადებს, რომ მიიღებს „ყველა აუცილებელ ზომას“ რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად.