თბილისი (GBC) - სოციალური სამართლიანობის ცენტრი აქვეყნებს შეფასებას, რატომ არ ვრცელდება FARA სამოქალაქო და მედიაორგანიზაციებზე, ასევე, როგორია მისი გამოყენების პრაქტიკა აშშ-ში. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ იმის მიუხედავად, რომ FARA-ს ნებისმიერი გონივრული განმარტების პირობებში, სამოქალაქო და მედია ორგანიზაციები კანონის რეგულირების სფეროს მიღმა უნდა დარჩნენ, „ქართული ოცნება” მის შემოღებას მსგავსი ორგანიზაციების ზედამხედველობისა და კონტროლის მოპოვების კონტექსტში განიხილავს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, 1938 წელს FARA-ს მიღების კონტექსტი, ევოლუცია და მისი გამოყენების ადმინისტრაციული და სასამართლო პრაქტიკა აჩვენებს, რომ FARA არა ავტონომიური საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობას, არამედ მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნის ძალების აგენტების საქმიანობას არეგულირებს.
„საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები FARA-ს „აგენტის“ დეფინიციაში იმიტომაც ვერ მოექცევიან, რომ ისინი მრავალფეროვანი წყაროებიდან დაფინანსების გამო ვერ აკმაყოფილებენ კანონის ერთ-ერთ კრიტერიუმს — რომელიმე წყაროდან სრულად ან დიდწილად დაფინანსების შესახებ. სასამართლო საქმეებიც, რომლებიც FARA-ს ამა თუ იმ ასპექტის კონსტიტუციურობას განიხილავდა, ადასტურებს, რომ კანონს ვიწრო მიზანი და რეგულირების სფერო აქვს.
FARA-ს მიზანია გააკონტროლოს უცხოური ძალის პირდაპირი გავლენა ადგილობრივ პოლიტიკაზე, როდესაც უცხოეთიდან დაფინანსებული პირები ავტონომიურად არ მოქმედებენ და სრულად ექვემდებარებიან პრინციპალის მითითებებს”.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, ის ფაქტი, რომ FARA-ს განჭვრეტადობასა და მსუსხავ ეფექტზე ამერიკის უზენაეს სასამართლოს მსჯელობა არც კი მოსწევია, შემდეგი მიზეზებით აიხსნება:
- დიდი ხნის განმავლობაში (1960-იანი წლებიდან 2016 წლამდე) კანონის ფაქტობრივი აღუსრულებლობა;
- კანონის რეგულირების ვიწრო სფერო და მიზანი;
- დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა;
- ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობაზე პოლიტიკური და სამართლებრივი კონსენსუსი.
„საქართველოში კი პირიქით, FARA-ს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მტრულად განწყობილი პოლიტიკური კულტურა, გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლების იდეალებისგან დაცლილი „მიტაცებული“ სასამართლო ხვდება”.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ FARA-ს კანონის საქართველოში მიღების პროცესში გასათვალისწინებელია ერთი ფუნდამენტური საკითხი: კერძოდ, მათი განცხადებით, ეს კანონი ამერიკული სამართალში, რომელიც პრეცედენტულ სამართლის სისტემას ეფუძნება, სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად აღსრულდება, რომელიც სავალდებულოა და სამართლის წყაროს ძალა აქვს.
„ჩვენს რეალობაში კი FARA-ს ტრანსპლანტაცია შეუძლებელია მხოლოდ კანონის ტექსტის კოპირებით, თუ მხედველობაში არ იქნება მიღებული ამ კანონის გამოყენების სასამართლო პრაქტიკა და მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომლებიც აზუსტებს კანონის შინაარსს, სტანდარტებს და პრინციპებს. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება” FARA-ს კანონის ამერიკული სასამართლო პრაქტიკის ლოგიკით გამოყენებას ასევე ზედმიწევნით შეეცდება, მაშინ აშკარაა, რომ სხვა ქვეყნებიდან დაფინანსებული, მაგრამ დამოუკიდებელი დღის წესრიგის მქონე სამოქალაქო და მედია ორგანიზაციები FARA-ს ტიპის კანონის მოქმედებაში ვერ მოექცევიან”.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“, ერთი შეხედვით, საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების კონტროლისთვის აშკარად შეუსაბამო FARA-ს გადმოღება, კანონში გათვალისწინებული მკაცრი სისხლის სამართლებრივი მექანიზმების და ინდივიდუალურ დონეზე კანონის სელექციური და პოლიტიკური მოტივებით გამოყენების გამო სურს.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ იმ პირობებში, როდესაც კანონის ბოროტად გამოყენების რისკები და მისი მსუსხავი ეფექტი ამერიკაშიც აქტუალური რჩება და კრიტიკოსების ყურადღებას იპყრობს, ვერ იქნება მოლოდინი, რომ „მიტაცებული სასამართლო” FARA-ს ნორმებს თვითნებურად, არაგონივრულად და ზედმეტად ფართოდ არ განმარტავს.
მათი განცხადებით, კრიმინალიზების მანდატით აღჭურვილი FARA-ს შემოღება ქართულ რეალობაში აბსოლუტურად განსხვავებული შედეგის მომტანი იქნება, ვიდრე ის არის აშშ-ში.
ანგარიშის სრულად სანახავად ეწვიეთ ბმულს.