თბილისი (GBC) – საქართველოს პარლამენტში ხელახლა წარადგინეს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის მნიშვნელოვან ზრდას ითვალისწინებს. პროექტი კვლავ დაჩქარებული წესით განიხილება: პირველი მოსმენა 31 მარტს არის დაგეგმილი, ხოლო 1-ელ აპრილს დოკუმენტს მეორე და მესამე მოსმენით მიიღებენ.

„საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების მიხედვით, აქციზის განაკვეთები შემდეგნაირად განისაზღვრება:

  • 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის: ძრავის მოცულობის 1 სმ³-ზე - 1.5 ლარი
  • 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის: ძრავის მოცულობის 1 სმ³-ზე - 4.5 ლარი

ამასთან, ნარჩუნდება შეღავათი ჰიბრიდული ავტომობილებისთვის (ძირითადი განაკვეთის 60%-ით შემცირებული განაკვეთი), ხოლო მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისთვის აქციზის განაკვეთი გასამმაგდება.

კანონპროექტის გარდამავალი დებულებების თანახმად, ძველი განაკვეთებით ისარგებლებენ ის იმპორტიორები, რომელთა ავტომობილები საქართველოში 2026 წლის 1-ელ აპრილამდე შემოვა, ან რომელთა ტრანსპორტირება უცხო ქვეყნიდან ამ თარიღამდე დაიწყება. სახმელეთო ტრანსპორტით შემოყვანის შემთხვევაში, ძველი განაკვეთი გავრცელდება 2026 წლის 1 ივლისამდე შემოყვანილ ავტომობილებზე.

ინიციატივის ავტორები „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან. მათი განმარტებით, მოქმედი სისტემა ვერ უზრუნველყოფს ავტოპარკის განახლებას, რადგან 6-8 წლის ავტომობილებზე არსებული დაბალი აქციზი სწორედ ძველი მანქანების შემოყვანას ხდის ეკონომიკურად ხელსაყრელს. ინიციატორების თქმით, ცვლილებების მიზანი ჰაერის დაბინძურების შემცირება, საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება და ახალი ავტომობილების იმპორტის სტიმულირებაა.

აღნიშნული პროექტი პარლამენტს 17 მარტს წარედგინა და პირველი მოსმენით მიიღეს კიდეც, თუმცა მომდევნო დღეებში სხდომების არგამართვის გამო, მისი დაჩქარებული წესით მიღება ვერ მოხერხდა, რის გამოც ინიციატორებმა პროექტი ხელახლა წარადგინეს.