თბილისი (GBC) - სვანეთში დაკარგული ორი მოქალაქის სამძებრო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ძებნა-შველის ოპერაციაში განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების, თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო სამაშველო ძალები და სამაშველო დრონები არიან ჩართულები. 

უწყების ცნობით, სვანეთში მოქალაქეების დაკარგვის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში 24 ივლისს შევიდა. ანუ, მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე ორ დაკარგულ მოქალაქეს მე-6 დღეა ეძებენ. როგორც ცნობილია, ისინი ლენტეხში ზემო სვანეთიდან გადადიოდნენ.

ადგილობრივებმა გუშინ, 25 ივლისს, სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენისა და სითბური დრონების ჩართვის მოთხოვნით, სოფელ ლატალში გზა გადაკეტეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის აფრენა მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდებოდა.

დაკარგული ახალგაზრდების ნათესავი, ანა წერედიანი ჟურნალისტებთან საუბრის დროს აცხადებს, რომ ახალგაზრდებს: "საგზლად აქვთ წაღებული 1 პური და თხილი, ყოველი წუთი ძალიან მნიშვნელოვანია".