თბილისი (GBC) - დონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ფლორიდაში შეკრებილ მხარდამჭერებს განუცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის მომავალი 4 წელი ამერიკის ოქროს ხანა იქნება.

„ეს ყველა დროის დიდებული პოლიტიკური მოძრაობა იყო. ვაპირებთ ჩვენს ქვეყანას განკურნებაში დავეხმაროთ. ჩვენს ქვეყანას, რომელსაც დახმარება სჭირდება. ჩვენს საზღვრებს გამოვასწორებთ, ყველაფერს გამოვასწორებთ. უკვე ნათელია, რომ ჩვენ ყველაზე საოცარ პოლიტიკურ გამარჯვებას მივაღწიეთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა ამერიკელ ხალხს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევა მისთვის პატივია.

"მე არ მოვისვენებ მანამ, სანამ არ მივაღწევთ ძლიერ, უსაფრთხო და აყვავებულ ამერიკას, რომელსაც ჩვენი შვილები იმსახურებენ და რომელსაც თქვენ იმსახურებთ. ეს ნამდვილად იქნება ამერიკის ოქროს ხანა“, - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა და აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა.