თბილისი (GBC) - პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციურ სპექტრში, კერძოდ, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ოპოზიციურ ალიანსს“ შორის მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს და მათ დაპირისპირებას „ცირკს“ უწოდებს.
პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები იმავე მეთოდებით უპირისპირდებიან ერთმანეთს, რასაც მანამდე საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ იყენებდნენ.
„ვთქვი, ისემც უქნიათ, დაუჭამიათ ერთმანეთი-მეთქი და აი, დაიწყეს კიდევაც შესრულება და ერთმანეთის დაჭმა. ვუყუროთ, ამით მაინც პატარა სიამოვნება მივიღოთ. რასაც ისინი უკეთებდნენ საკუთარ ქვეყანას, ახლა ერთმანეთის მიმართ ზუსტად იმავეს აკეთებენ. ასე რომ დავაკვირდეთ და დავტკბეთ“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მან „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციონირება ოპოზიციურ ერთობაში ქართულ მხატვრულ ფილმს, „ცისფერ მთებს“ შეადარა.
„არ ვიცი, „ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ არიან. ჩამოყალიბდებიან. ჩვენ, როგორც „ცისფერ მთებს“, ასე უნდა ვუყუროთ ამ კომედიას, რომელსაც ჩვენ გვაყურებინებენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის შეფასებით, აღნიშნული პროცესები მიუთითებს იმ გარე ძალების არაგონივრულობაზეც, რომლებიც ამ ჯგუფების ორგანიზებას ახდენენ. მისივე თქმით, ეს რეალობა ააშკარავებს, თუ „რა ხალხი ზის ბრიუსელში და ზოგიერთ დედაქალაქში“, ვინც ფსონს აღნიშნულ ოპოზიციურ ერთობაზე დებს.
„2024 წლის არჩევნებში ამათ არ დაუდგნენ გვერდზე? ამათ მიეცით ხმაო, არ ამბობდნენ? რეზოლუციებს ამათი დაკვეთით და ამათთან შეთანხმებით არ აკეთებენ? ქართველმა ხალხმა ისიც უნდა დაინახოს, რასთან გვაქვს საქმე. როდესაც ასეთ უმარტივეს საკითხებში ვერ არის გარკვეული ბრიუსელი და სხვა ძალები, რომლებიც ამათ უკან დგანან, წარმოგიდგენიათ, ამათ უნდა ჩააბარო საერთაშორისო პოლიტიკა და გეოპოლიტიკა? ამიტომაც არის დღეს არეულობა სამყაროში, ომი დღეს უკრაინაში“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარემ ადგილობრივი ოპოზიციის მართვის მოდელი გლობალურ პოლიტიკურ კონტექსტს დაუკავშირა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე უსაფრთხოების არქიტექტურის მოშლა სწორედ ამგვარი მიდგომების შედეგია.
„ის, რაც ოპოზიციაში ხდება, ეს არის მინი მაგალითი იმისა, რაც სამყაროში ხდება ზუსტად იგივე ძალების დამსახურებით, რასაც ჩვენ „გლობალური ომის პარტიას“, „დიფ სთეითს“ ვეძახით. სახელი შეიძლება სხვადასხვა იყოს, მაგრამ არსი ერთი არის - ეს არის ხალხი, რომელთა მართვის მოდელს ვხედავთ ჩვენ რადიკალური ოპოზიციის სახით. ცირკად აქციეს პოლიტიკის სივრცე და ზუსტად იმავეს აკეთებენ ისინი საერთაშორისო პოლიტიკის პლატფორმაზე და ამიტომ ჩამოიქცა ზუსტად გლობალური უსაფრთხოების სისტემა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.