თბილისი (GBC) – ამერიკულმა ბანკმა American Express რუსეთში თავისი განყოფილების ლიკვიდაციაზე ოფიციალური განაცხადი გააკეთა. ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა პუტინმა მაისში შესაბამისი განკარგულებით დააკმაყოფილა. ბანკის მოსკოვის განყოფილება პირველად 1916 წელს გაიხსნა, უწყვეტად კი 1957 წლიდან მუშაობდა. 

American Express პირველი უცხოური ბანკი იქნება, რომელიც რუსეთის ბაზრიდან ახალი წესების პირობებში გავა, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაადგინეს, წერს რუსული გაზეთი „კომერსანტი“. 2022 წლის აგვისტოდან უცხოური კომპანიები, რომლებიც რუსეთისთვის სანქციების დამწესებელ ქვეყნებში არიან რეგისტრირებული, რუსული ბაზრიდან ნებისმიერი ფორმით, მათ შორის ლიკვიდაციით გასვლის შესახებ გადაწყვეტილება მოსკოვს უნდა შეუთანხმოს. 2022 წლისთვის რუსეთის ტურისტული კომპანიების 60% სწორედ ამ ბანკის სერვისებით სარგებლობდა სასტუმროებისა და ტრანსპორტის ბილეთების დასაჯავშნად. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ ბანკმა სერვისები რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს შეუწყვიტა, თუმცა განყოფილება მოსკოვში რჩებოდა.

როგორც „კომერსანტი“ წერს, პირველად American Express რუსეთის ბაზრიდან 1918 წელს გავიდა, ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ. წარმომადგენლობა ხელახლა 39 წლის შემდეგ, 1957 წელს გაიხსნა – იოსებ სტალინის სიკვდილიდან რამდენიმე წელში.