თბილისი (GBC) – გაეროსა და G7-ში მიღებული რეზოლუციების სერიამ დასავლურ კოალიციაში დიდი განხეთქილება აჩვენა, რომელიც მანამდე 3 წლის განმავლობაში ერთხმად უჭერდა მხარს უკრაინას რუსულ აგრესიასთან გამკლავებაში. დონალდ ტრამპის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, სამი წლის განმავლობაში პირველადლ გახდა აშშ რუსეთის სოლიდარული და იმ რეზოლუციის წინააღმდეგ გამოვიდა, რომელიც ევროპულმა ქვეყნებმა და კიევმა შეიმუშავეს. მიუხედავად ამისა, რეზოლუცია, რომელიც გმობს პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ სრულმასშტაბიან ომს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა დიდი უმრავლესობით მიიღო. თუმცა, გაეროს უშიშროების საბჭოზე ის ვაშინგტონის ის დოკუმენტი გავიდა, რომელიც უბრალოდ მოუწოდებს მხარეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ომი.
გაეროს გენერალური ასამბლეა რეზოლუციის ორ ვარიანტს განიხილავდა – ევროპულ–უკრაინულს და აშშ–ის მიერ მომზადებულს. ამერიკის ვარიანტში მწუხარება იყო გამოთქმული „რუსეთ–უკრაინის კონფლიქტში“ ადამიანების დაღუპვის გამო. ამ ვერსიაზე გენასამბლეამ უარი თქვა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ევროპულმა ქვეყნებმა შეძლეს და ტექსტში შეიტანეს ცვლილებები უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ.
ამ რეზოლუციებს 193 ქვეყნიდან 93–მა მისცა ხმა. წლიდან წლამდე ასეთი პოზიციის მქონე ქვეყნების რაოდენობა მცირდება. აშშ და რუსეთი იმ 18 ქვეყნის სიაში მოხვდნენ, რომლებმაც რეზოლუციის წინააღმდეგ დააფიქსირეს თავისი პოზიციები. მათთან ერთად ამ სიაში მოხვდნენ ჩრდილოეთ კორეა, ბელარუსი, უნგრეთი და ისრაელი. თავი შეიკავა 65–მა ქვეყანამ, მათ შორის ჩინეთმა. ვაშინგტონმა კი საკუთარი რეზოლუციის კენჭისყრაზე შეიკავა თავი მას შემდეგ, რაც ტექსტში ცვლილებები შეიტანეს.
პუტინის „ტკბილი ლუკმა“ ტრამპს
ამასობაში რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგა დონალდ ტრამპს ურჩია, დაფიქრდეს რუსეთის ტერიტორიაზე ალუმინის ერთობლივ პროექტზე, რუსეთში მიწაიშვიათი ლითონების მოპოვებაზე და რუსული ალუმინისთვის ამერიკის ბაზრის გახსნაზე.
რამდენიმე წლის წინ ალუმინზე აშშ–ის მოთხოვნის 15%–ს რუსეთი აკმაყოფილებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც იმპორტი 200%–ით დაიბეგრა 2023 წელს, რუსული ფერადი ლითონი ვეღარ შედიოდა აშშ–ის ბაზარზე. დღეს შტატებისთვის ალუმინის ძირითადი მიმწოდებელი კანადაა.
აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფოლადისა და ალუმინის იმპორტი თებერვალში დამატებით 25%–ით დაბეგრა და ეს ყველა ქვეყანას შეეხო.
„თუ ამერიკის ბაზრის გახსნის გადაწყვეტილებას მიიღებენ, ჩვენ შეგვიძლია ამ ბაზარს წელიწადში 2 მლნ ტონა ალუმინი მივაწოდოთ“, – თქვა პუტინმა ორშაბათს „როსია–24“–თან ინტერვიუში.
რუსალისთვის, რომელიც ჩინეთის შემდეგ მსოფლიოში ალუმინის უმსხვილესი მწარმოებელია, აღნიშნული მოცულობა წლიური წარმოების ნახევარს შეადგენს.
პუტინის ეს განცხადება იმ ფონზე გაჟღერდა, როდესაც ევროკავშირმა რუსული ალუმინის იმპორტის თანდათანობით შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო.
პუტინმა ამერიკელებს აღმოსავლეთ ციმბირში მსხვილი პროექტების განხორციელებაც შესთავაზა – ეს იქნება ჰესის მშენებლობა, თუ ალუმინის ერთობლივად მოპოვება.
„ეს ნამდვილად კაპიტალტევადი, ინვესტიციატევადი პროექტებია: მათი ღირებულება დღეს შეიძლება 15 მლრდ დოლარსაც აღწევდეს“, – თქვა პუტინმა.
„დიახ, ამჟამინდელი პრეზიდენტის პოლიტიკა წარმოების შეერთებული შტატების ტერიტორიაზე განთავსებას გულისხმობს. მაგრამ თუ ამერიკული კომპანიები ჩვენთან იმუშავებენ, ესეც მოგების მომტანია, თან არც თუ ცოტა მოგების, რადგან კომპანიებიც კარგად გამოიმუშავებენ და ალუმინიც შევა ამერიკის შიდა ბაზარზე აბსოლუტურად მისაღებ საბაზრო ფასებში“, – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ ეკონომიკური განვითარების მიზნით მსხვილ პროექტებზე აწარმოებს მოლაპარაკებებს პუტინთან.
ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში პუტინმა თათბირი მოიწვია, მიწაიშვიათი ლითონების დარგის განვითარების თემაზე. ამ თათბირის შემდეგ მან განაცხადა, რომ ამ დარგში არ გამორიცხავს უცხოური, მათ შორის ამერიკული ინვესტიციების მოზიდვას.